რეზო ჩელებაძე: რა უფლება მქონდა, ჯანო ანანიძე საქართველოსთვის წამერთმია?! - 30 იანვარს 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » იანვარი » 30 » რეზო ჩელებაძე: რა უფლება მქონდა, ჯანო ანანიძე საქართველოსთვის წამერთმია?!
11:40
რეზო ჩელებაძე: რა უფლება მქონდა, ჯანო ანანიძე საქართველოსთვის წამერთმია?!

რუსულმა გაზეთმა "სპორტ ექსპრესმა" თავის ტრადიციულ რუბრიკაში "საუბრები პარასკევს" თბილისის "დინამოს" ყოფილ ფორვარდს, 55 წლის რეზო ჩელებაძეს უმასპინძლა, რომელიც ამჟამად ჯანო ანანიძის აგენტია.
რუსი კორესპინდენტი მოსკოვში სტუმრად მყოფ ბატონ რეზოს ანანიძის ბინაში, ჯანოს მამასთან - ამირანთან ერთად შეხვდა. ინტერვიუ საკმაოდ ვრცელი და მრავლისმომცველია, თუმცა ჩვენ მხოლოდ იმ ამონარიდს გთავაზობთ, სადაც საუბარი საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნიჭიერ ფეხბურთელს, ჯანო ანანიძეს ეხება.
- მოსკოვში ყოფნისას ყოველთვის ჯანოსთან ბინავდებით?
- ზოგჯერ მეგობრებთან, ყოველ შემთხვევაში, სასტუმროში დაბინავება არ მიწევს ხოლმე. მე და ჯანოს მამას ლამის ნათესაური ურთიერთობა გვაქვს - ესენიც ქობულეთიდან არიან. ამირანი იმ კლუბში თამაშობდა, სადაც მე პრეზიდენტი ვიყავი. ჯანო, ჯერ კიდევ სულ პატარა, მე აღმოვაჩინე - გამაოცა ბურთთან მისმა მუშაობამ.
- აგენტად დიდი ხანია მუშაობთ?
- დიახ, ოღონდ ადრე ოფიციალურად აგენტად არ ვითვლებოდი. კიევის "არსენალში" მე მივიყვანე შალვა აფხაზავა - ღმერთმა გაანათლოს მისი სული, "სპარტაკში" - ხიზანეიშვილი, მჟავანაძე, ლომაია. კიევის "დინამოში" - ამისულაშვილი და მარცვალაძე.
- 23 წლის აფხაზავა რითი დაიღუპა?
- გული გაუჩერდა. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ფენომენალური ტალანტი იყო.
- ჯანოზეც იმავეს იტყვით?
- უნიკუმია. როცა 2003 წელს ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტი გავხდი, ჯანო ჩემ სკოლაში მივიწვიე. ქობულეთში ყოველდღე ვუგზავნიდი ავტომობილს, საღამოს კი უკან ვამგზავრებდი. შემდეგ ჯანო თბილისში გადმოვიდა, იქიდან - კიევში. ერთი სეზონი "დინამოს" ჭაბუკთა გუნდში გაატარა. სწორედ მაშინ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს - ის კი ჯერ 15 წლისაც არ იყო.
- ყოჩაღ!
- მაგრამ სხვაგვარად ფიქრობდა უკრაინელთა გუნდის მწვრთნელი კროშჩენკო. ამბობდა - ჯანო ვერსადაც ვერ წავა, მათ შორის ვერც საქართველოს ნაკრებშიო და წინააღმდეგ შემთხვევაში, გარიცხვით დაემუქრა.
- ჯანო მაინც გამოცხადდა ნაკრებში?
- რა თქა უნდა. ორი კვირის თავზე კი წერილი მივიღეთ: "ჯანო ანანიძე კიევის "დინამოს" სკოლიდან გარიცხულია". ავდექით და "სპარტაკს" მივაშურეთ, სადაც უკვე გველოდნენ.
- გუნდის ყოფილ სპორტულ დირექტორს ჩერჩესოვს უთქვამს, მე რომ არა, ჯანო "სპარტაკში" არ იქნებოდაო.
- ვერ გეტყვით, "სპარტაკში" ის პირველად ვინ შეამჩნია. ჯანო თავის თანატოლებთან ერთად შეამოწმეს და მისი დუბლებში გადაყვანა გადაწყვიტეს.
მახსოვს, "სპარტაკის" ავტობუსით თამაშზე მივდიოდით, როცა ვალერი კაჩინოვმა იკითხა - ვინაა ეს ბავშვი, გვერდით ვიღაც ქართველი რომ უზის, სუმოისტის მსგავსიო?
- ვერ გიცნოთ?
- ვერა, რა თქმა უნდა და ჩუმად ვუთხარი: "მე ვარ, რეზო ჩელებაძე..." ეს რომ გაიგო, გადამეხვია. შემდეგ ჯანო წარვუდგინე - ეს ჩემი მოყვანილი ბიჭია-მეთქი. არც კაჩინოვს და არც დუბლების მთავარ მწვრთნელ მიროსლავ რომაშჩენკოს მასზე არაფერი ცოდნიათ. კაჩინოვმა შემოგვხედა და გვითხრა: "კარგი, 15 წუთით შევუშვებთ". "რას ამბობ, - შევიცხადე მე. - ორი ათასი კილომეტრი იმითვის კი არ ვიფრინეთ, რომ მხოლოდ 15 წუთით ათამაშო?!"
- შემდეგ რა მოხდა?
- 15 წლის ბიჭუნამ "სპარტაკის" დუბლებში ორი საგოლე პასი გააკეთა და თავადაც გაიტანა. 5:0 მოვიგეთ! არადა, თამაშამდე სმოლენცევთან ფასზე რომ ვთათბირობდი, უკან იხევდა - ძალიან ბევრს ითხოვთო, მეხუთე გოლის შემდეგ კი თვითონ მოვიდა: ფასზე ხომ უკვე მოვილაპარაკეთ, მეტი აღარ გავზარდოთო.
- გაზეთებში წერდნენ, რომ ჯანოს რუსეთის ნაკრებში მიწვევას უპირებდნენ...
- დიახ, თუმცა ეს არც მე მსურდა და არც ჯანოს, ჩვენ ხომ ქართველები ვართ?! ჩათვალეთ, რომ განძს მივაგენი და რა უფლება მქონდა, ეს სიმდიდრე ჩემი სამშობლოსთვის წამერთმია? საკითხი დღის წესრიგიდან საბოლოოდ მაშინ მოიხსნა, როდესაც ჯანომ საქართველოს ნაკრებში ითამაშა.
- მოსკოვმა ის პიროვნულად შეცვალა?
- დიდი ქალაქი ადამიანის თავისებურ თვისებებს სძენს - კარგი ბიჭი კიდევ უფრო უკეთესი ხდება. ასეა ჯანოს შემთხვევაშიც. საქართველოში, სადაც მას უამრავი მეგობარი ჰყავს, ცხოვრება ჭირს და მათ შორის ერთს ვერ ნახავთ, ვისაც ხელი არ გაუმართა. ერთს დაბადების დღე აქვს, სხვას შეყვარებული ჰყავს და საჩუქრისთვის ფული არ აქვს... ჯანო მათი იმედია. ის ძალიან კეთილია.
- და უშიშარიც. თავით მიდის იქ, სადაც სხვა ფეხსაც არ შედგამდა.
- პატარაობისას, როცა თბილისში ბიძასთან ცხოვრობდა, ხან მამამისი და ხან მე ბუცებს ვყიდულობდით. თურმე ვარჯიშების შემდეგ უფროსი ასაკის ბიჭები ხვდებოდნენ და რაღაცეებს ართმევდნენ. თავიდან გაურბოდა, ერთ დღეს კი ბიძამისმა ქობულეთში დაგვირეკა, ჯანოს ჩანთაში დანა ვუპოვნეო! მამამისი მაშინვე თბილისში გაჩნდა და ჰკითხა: "რად გინდა დანა?" ბიჭმა უპასუხა: "ისეთი განუკითხაობაა, სახლამდე მოსვლა ჭირსო!"
მახსოვს, კიევში ყოფნისას, მეკარესთან ერთი-ერთზე გადიოდა. მეკარე გაშლილი ფეხით მისკენ მიფრინავდა, ჯანო კი არ მოერიდა... მეგონა, ვეღარც ადგებოდა. ორივე ბაკანი გატეხილი ჰქონდა.
უფრო საშინელი შვეიცარიაში ახალგაზრდულის თამაშზე მოხდა. დედამისი ტრიბუნაზე იყო და იმხელა შეჰკივლა, ყველა მას უყურებდა. მას შემდეგ მამამისი სტადიონზე მისვლას უკრძალავს.
- ასეთი რა მოხდა?
- ივანიშვილმა, რომელიც შვეიცარიაში თამაშობს, ჩვენ ჯანოს თამაშის წინ უთხრა, ფრთხილად იყავიო. როგორც ჩანს, მის ერთ თანაკლუბელს დაუქადნია, იმ ანანიძეს პირველსავე წუთზე დავამტვრევო. მართლაც, ჯანომ პასი მიიღო თუ არა, ის ბიჭი დაეტაკა.
- ჯანოს შვეიცარიაში ცნობდნენ?
- მას მთელი საფეხბურთო სამყარო იცნობს. ის თავისი ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია.
სხვათა შორის, ამასწინათ, ორი 13 წლის ბიჭი "ბარსელონაში" წავიყვანე, სადაც ის პიროვნება დამხვდა, ვინც ინიესტა აღზარდა. მას საკუთარი სააგენტო აქვს. და სწორემ ამ კაცმა მითხრა, ანანიძით დაინტერესებული ვართო, რაზეც ვუპასუხე, რომ "სპარტაკსა" და ჯანოს ჯერ არსად ეჩქარებათ.
ჯანოს მამას ცსკა-დანაც დაუკავშირდნენ, სხვა გუნდებიდანაც... აგენტები მუდმივად რაღაცას გვთავაზობენ, მაგრამ ჩვენ მათ "სპარტაკისკენ" ვუთითებთ - წადით და იქ ილაპარაკეთო.
კატეგორია: საქართველო | ნანახია: 490 | დაამატა: LiverPooLa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
0  
1 ResPecTaA   (30.01.2011 11:48) [Entry]
sagol dzaan magaria dzaan dzaan ))

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?
სულ პასუხები: 32
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა