"მილანი" იტალიის სერია ა–ს ლიდერობს. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ "მილანს" კიდევ ერთხელ ეძლევა შანსი, მოიპოვოს სკუდეტო. მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა ბოლო პერიოდში თამაშები ვერ მოიგეს, მაგრამ არც წაუგიათ და პირველ ადგილზე არიან. მათი ბოლოდროინდელი წარუმატებლობით მილანის "ინტრმა" ისარგებლა და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ლეონარდოს ფეხბურთელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული, ისინი პოტენციურად მეორე ადგილზე არიან და "მილანს" პირველობაში სერიოზულად შეეცილებიან. ბრაზილიელი ფორვარდი ალეშანდრო პატო ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, რომ "მილანი" უმეტესად მისი გოლებით იგებს, მაგრამ ახალბედა ბრაზილიელი გუნდის ერთ–ერთი წამყვანი ფუგურ რომ არის, ეს ფაქტია. მისი საჭიროება გუნდში კიდევ უფრო მაშინ გამოჩნდა, როდესაც მისი თანამემამულე რონალდინიო "ფლამენგოში" გადაბარგდა. – ალეშანდრო, ალბათ კარგად იცით, რამდენი გოლი გაქვთ მეტოქეთა კარში გატანილი... – დიახ, სულ რაღაც 8 გოლი. – და ხუთი გოლით ჩამორჩებით თანაგუნდელ იბრაჰიმოვიჩს... – ნამდვილად არ ვაპირებ გოლების გატანას იმის გამო, რომ იბრაჰიმოვიჩს დავეწიო. ჩვენი მიზანი გოლების გატანა და გუნდისთვის სამი ქულის მოტანაა. – მაგრამ ბომბარდირობა თქვენი სურვილიც ხომ არის... – იცით, თავს ზემოთ ნამდვილად ვერ ახტები. მე თუ ვერ გავიტან, ჩემი თანაგუნდელები გაიტანენ და საქმე გაკეთდება. – გასულ სეზონში მხოლოდ 12 გოლი გაიტანეთ. ახლა უკეთესი მაჩვენებელი გაქვთ. წინ კიდევ ბევრი შეხვედრაა გასამართი და იმედია, გაიტანთ... – მეც ამის იმედი მაქვს. ეს სეზონი არ მარტო ჩემთვის, არამედ მთელი გუნდისთვის უკეთესად მიდის. პირველ ადგილზე გასვლის ჩინებული შანსი გვაქვს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ვართ, იქაც ფავორიტებად ვითვლებით. ამდენად, კარგად მიდის ყველაფერი... – დიდი ხანია "მილანს" ტიტული არ მოუგია... – დიახ, ამის დრო მოვიდა. იცით, ცოტა ძნელი იქნება ყველა ფრონტზე წარმატებით გამოსვლა, მაგრამ, უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ. – თუ არჩევანზე მიდგება საქმე, რომელ ტიტულს აირჩევდით? – დიახ, ჩემთვის ამ ეტაპზე მთავარი სკუდეტოს მოპოვებაა. – თანაგუნდელები როგორ ფიქრობენ? – ეს მათ უნდა ჰკითხოთ. – რატომღაც ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ იტალიურ გრანდში სულ უფრო და უფრო ცოტა ბრაზილიელი რჩება... – თქვენი აზრით, გვავიწროვებენ (იცინის)... არა მგონია, ასე იყოს. ტიაგო სილვა, მე და რობინიო ბრაზილიას წარმოვადგენთ. როგორც ვიცი, ადრე ამ გუნდში უფრო მეტი ბრაზილიელი თამაშობდა, გასულ სეზონში ლეონარდო იყო მთავარი მწვრთნელი, ისიც ბრაზილიელი. სილვამ, მე და რობინბიომ ჯამში 16 გოლი გავიტანეთ, რაც ცოტა არ უნდა იყოს. და ახლა მინდა ვთქვა, მე თუ რვა გოლი მაქვს გატანილი და იბრას 13, მე გაცილებით ნაკლები შეხვედრა ჩავატარე. – წელს იმდენად "ტრავმიანი" წელი არ გაქვთ, როგორიც თუნდაც გასულ სეზონში... – დიახ, მაგრამ ხანდახან ახლაც ვვარდები ფორმიდან. – რონალდინიომ განაცხადა, რომ ყველაზე გულისმაყუჩებლად გუნდიდან... – მე გავაცილე. ვიცი, ეს მეც წავიკითხე. – ამისთანა რა უთხარით? – მე ვუთხარი, რომ ჩემთვის რონალდინიო იყო კერპი, რომელთან ერთადაც თამაში მომიწია. ის ძალიან დიდი ფეხბურთელია. – რატომ წავიდა გუნდიდან? – ის ვერ ხვდებოდა გუნდის ძირითად შემადგენლობაში. იცით, ცოტა უცნაურად კი ჟღერს, მაგრამის თავად ხვდებოდა, რომ უკვე სხვა დრო იყო მოსული. ვერ ვიტყვი, რომ მისი დრო წავიდა, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთს ფეხს თუ ვერ ააყოლებ, მერე ძლიერ ჩამორჩები. ალეგრის მიაჩნდა, რონალდინიო უკვე ძირითადი შემადგენლობისთვის "ზედმეტი ფუფუნება" იყო... – ხშირად გეხმიანებათ? – დიახ, მირეკავს და მეც ვურეკავ ხოლმე. – მას ბრაზილია ძალიან ენატრებოდა და დაუბრუნდა კიდეც... – როდესაც მეც "დავასრულებ" ჩემს ევროპულ ვოიაჟს, დიდი სიამოვნებით დავბრუნდები ბრაზილიაში და მეც იქ დავასრულებ კარიერას. – როგორ ფიქრობთ, "მილანს" სკუდეტოს მოპოვების შანსი აქვს? – რა თქმა უნდა. – უშუალო კონკურენტად რომელი გუნდი მოგაჩნიათ? – ჩემი აზრით, ჩემპიონის ბედი ჩვენსა და "ინტერს" შორის გაირკვევა. – და "ნაპოლი"? – ძალიან მომწონს ამ გუნდის თამაში, მაგრამ, მეორე ადგილის მიუხედავად, საჩემპიონოდ შემართულები სულაც არ არიან. ეს ჩემი აზრია, მაგრამ ახლა მთავარი ის არის, რომ "მილანი" იყოს პირველ ადგილზე. – და ბოლოს, იბრაჰიმოვიჩმა გუნდი გააძლიერა? – ეჭვგარეშეა. ის დღეს ჩვენი გუნდის ლიდერია და მიმაჩნია, რომ მან რაც შეიძლება დიდხანს უნდა ითამაშოს "მილანში". წყარო:sana.ge