საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წლის პირველი მატჩი გამარჯვებით დაასრულა, თემურ ქეცბის გუნდმა კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში სომხეთის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში 2:1 დაამარცხა. ჩვენმა ნაკრებმა ორი განსხვავებული ტაიმი აჩვენა, საწყის 45 წუთში აშკარად დავჯაბნეთ სომხები, მაგრამ, შესვენების შემდეგ,"ჯვაროსნებმა" სუსტად ითამაშეს, მეტოქესაც ხელ–ფეხი გაეხსნა და ჩვენი გუნდის კართან არაერთხელ შეიქმნა ხიფათი. მეკარე ნუკრი რევიშვილსა და მცველებს რომ არ ემარჯვათ, ალბათ ჩვენს გუნდს მოგება გაუჭირდებოდა. თემურ ქეცბაიამ ამჯერადაც 4–3–2–1 სქემით ათამაშა გუნდი. სასტარტო შემდგენლობაში ცვლილება თითქმის არ ყოფილა. შარშან, სლოვენიასთან ამხანაგურ მატჩში დამაჯერებელი დებიუტის შემდეგ, კვლავაც სასტარტო 11–ეულში იყო რუმინული "გაზ მეთანის" მცველი აკაკი ხუბუტია. შეხვედრა თბილისის "დინამოს"კიპერმა გიორგი ლორიამ დაიწყო, მეორე ტაიმი კი მეკარე ნუკრი რევიშვილმა სრულად ითამაშა. მეკარეებზე სამდურავი არ გვეთქმის. დაცვაც კარგად გამოიყურებოდა და ჩამშლელი სტილის შუახაზელებიც. შემტევი სტილის ფეხბურთელებმა მატჩის პირველი ტაიმი კარგად ითამაშეს, მეორე ნახევარში კი სუსტად წარმოჩნდნენ. პირველი მომენტი ქართველებმა შექმნეს, მაგრამ დავით სირაძემ კარს ააცილა, შემდეგ სომხებმა გააცუდეს მომენტი. მე–11 წუთზე კი ჯანო ანანიძის ოსტატურად დარტყმისას ბურთი კარს ასცდა. მერე კი 3 წუთის შუალედში მეტოქეს ორი შანსი ჰქონდა, პირველი დარტყმა კარს ასცდა, მეორე კი მეკარე ლორიმ აიღო. საწყისი 15 წუთის შემდეგ „ჯვაროსნების" უპირტესობა საგრძნობი გახდა, რაც მალე გოლშიც აისახა. 22–ე წუთზე ზურაბ ხიზანიშვილმა მარცხენა ფლანგზე კარგად შენიშნა ლევან კობიაშვილი, კობიმ პენალტის ნიშნულთან ახლოს ალექსანდრე იაშვილი მოძებნა, „კარლსრუეს" გამოცდილმა კაპიტანმა სომეხთა მეკარეს დაასწრო და ანგარიში გახსნა – 0:1. გაშვებული გოლის შემდეგ სომხები წონასწორობის აღდგენას შეეცდნენ, მაგრამ ჩვენები თავს სიმედოდ იცავცდნენ. 31–ე წუთზე მეტოქემ კიდევ ერთი მომენტი ვერ გამოიყენა, რის გამოც „ჯვაროსნემებმა" სომხები დასაჯეს – 34–ე წუთზე კობიაშვილის ძლიერი დარტყმისას სომხების მეკარემ ბურთი მოიგერია, დამატებაზე დავით სირაძემ იმარჯვა და სხვობა ორამდე გაზრდა, 0:2. ჩვენი გუნდის მეორე გოლმა მეტოქე გატეხა. სომხები ტაიმის მიწურულს მოეგნენ გონს და ერთი ბურთის გაქვითვაც შეეძლოთ, მაგრამ ლაშა სალუქვაძემ ვითარება განმუხტა. მეორე ტაიმი სომხებმა უკეთ დაიწყეს და მალეს სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს. 67–ე წუთზე ჩვენს კარში დანიშნული პენალტი მანუჩარიანმა გოლად აქცია–1:2. სამწუხაროდ, მეორე ტაიმში ჩვენმა გუნდმა უპირატესობა დათმო და სომხებსაც არაერთხელ მიეცათგოლის გატანის შესაძლებლობა. 69–ე, 72–ე და 79–ე წუთებზე მეტოქეს გოლის გატანის შანსი ჰქონდა, მაგრამ მეკარე რევიშვილმა იმარჯვა. მატჩის ბოლოს ქართველებს ორჯერ შეეძლოთ ორბურთიანი სხვაობისაღდგენა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. საქართველოს ნაკრებმა 2011 წელიც მოგებით დაიწყო. სომხეთის ძლევით "ჯვაროსნებმა" წაუგებელი სერია 9–მდე გაზარდეს და ლიმასოლში სტადიონ „ცირიონზე" შეკრებილი ქართველი გულშემატკივარი გაახარეს. მოედანზე მისული ქართველთა გულშემატკივარი თემურ ქეცბაიას მეუღლის, კატერინა ქეცბიას მიერ სპეცილურად დამზადებული, ნაკრების 14–ნომრიანი გიგანტური მაისურით ქომაგობდა "ჯვაროსნებს". გოლები: 0:1 იაშვილი (22), 0:2 სირაძე (34), 1:2 მანუჩარიანი (67. პენალტით) საქართველო: ლორია (46. რევიშვილი) – სალუქვაძე, ხუბუტია, კალაძე (46. ამისულაშვილი), კობიაშვილი – დაუშვილი (56.კაკუბავა), ხიზანიშვილი, გოგუა (46. ვაწაძე) – იაშვილი (49. მერებაშვილი), ანანიძე – სირაძე.