არგენტინა თბილისში აღარ ჩამოვა - 15 იანვარს 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » იანვარი » 15 » არგენტინა თბილისში აღარ ჩამოვა
18:33
არგენტინა თბილისში აღარ ჩამოვა
როგორც მოსალოდნელი იყო, არგენტინის ეროვნული ნაკრების თბილისში სტუმრობა ჩაიშალა. ასე რომ, თითქმის გადაწყვეტილია - მესის, ტევესის, აგუეროსა და მარიასა "და კომპანიის" ნაცვლად, 9 თებერვალს საქართველოს ნაკრები სომხეთთან გამართავს ამხანაგურ შეხვედრას.

მსოფლიოს წამყვანი საფეხბურთო ნაკრებები (ყველაზე ხშირად - ბრაზილია და არგენტინა) ხშირად მიმართავენ მსგავს პრაქტიკას და განსაზღვრული თანხის სანაცვლოდ გაცილებით სუსტ ნაკრებებს ეთამაშებიან. თუმცა, არგენტინულმა მხარემ იმდენად მიუღებელი მოთხოვნები წაგვიყენა, რომ გასული კვირის დამდეგს გავრცელებული ინფორმაცია არგენტინელების შესაძლო სტუმრობის შესახებ კვირის ბოლომდე გამოირიცხა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მისული წერილის მიხედვით, არგენტინის ეროვნული ნაკრები მზად იყო, 9 თებერვალს საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ თბილისში ჩამოსულიყო და რაც მთავარია, უძლიერესი ფეხბურთელებიც ჩამოეყვანა. ამის სანაცვლოდ სამხრეთამერიკელებმა "სულ რაღაც" 1,2 მილიონი ევრო, 45 ბიზნესკლასის ავიაბილეთი და მაღალი დონის სასტუმროს ამდენივე ლუქს-ნომერი მოითხოვეს.

ბუნებრივია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას (რომელიც ლამის ერთადერთია ევროპის საფეხბურთო ფედერაციებს შორის, ვისაც სპონსორი არ ჰყავს) ამხელა თანხის გადახდის შესაძლებლობა არ გააჩნია და არც სახელმწიფოს მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს. მართალია, ამა თუ იმ მომღერლის საქართველოში ჩამოსაყვანად არანაკლები თანხა დახარჯულა, მაგრამ ძნელი სავარაუდოა, ასეთი პროექტის დაფინანსება ხელისუფლებას სურდეს, მით უმეტეს, როცა ბიუჯეტის შესავსებად იქით ეძებს თანხებს.

დარჩა ერთადერთი ვარიანტი - სპონსორის მოძებნა. თუმცა, როგორც ვთქვით, ფედერაციას თავისთვის და ეროვნული ნაკრებისთვის ვერ გამოუძებნია სპონსორი. მერე კიდევ, დამფინანსებლებმა დახარჯული ფული ბილეთების გაყიდვით, სარეკლამო ბილბორდებითა და ტელეტრანსლაციისგან მიღებული თანხით უნდა აინაზღაურონ, არგენტინელებმა კი კატეგორიულად მოითხოვეს - სტადიონზე 16 ბილბორდი უნდა განვათავსოთ და ტრანსლაციის უფლების გაყიდვიდან შემოსული ფულიც ჩვენთვის გვინდაო. მაღალი ჰონორარის გარდა, სწორედ ეს კაბალური პირობები გახდა სამხრეთამერიკელთათვის უარის შეთვლის მიზეზი.

არგენტინის ნაკრებს საქართველოში უამრავი ქომაგი ჰყავს. ბევრმა საყვარელი ნაკრების შესაძლო სტუმრობის შეტყობისთანავე დაიწყო მომავალი მატჩის ბილეთისთვის (მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა ეღირებოდა ბილეთი) თანხის შეგროვება, სხვებმა - მაგ ფულით სტადიონები მოაწესრიგეთ ან ქართულ კლუბებს დაეხმარეთო. იყვნენ ისეთებიც, ვინც კატეგორიულად აცხადებდა, თუ ამხელა თანხას გადაიხდიან, მიუხედავად იმისა, რომ არგენტინის ნაკრების ფანი ვარ, სტადიონზე პროტესტის ნიშნად არ წავალ, სჯობს, ქართულ გუნდებს მიხედოთ, გასვლით მატჩებზე ნასესხები ფულით რომ დადიანო.

მესისა და მისი ვარსკვლავი თანაგუნდელების ხილვას რა სჯობს, მაგრამ ისიც ცხადია, რომ საქართველო ჯერ კიდევ არ არის მზად ასეთი რანგის მატჩებისთვის, მათ შორის - არც ფინანსურად. რაღა შორს წავიდეთ? - არავის სჯეროდა, თბილისში მარადონა თუ ჩამოვიდოდა და ამიტომ იყო, ლეგენდარულ ფეხბურთელს თითქმის ცარიელი ტრიბუნების წინ რომ მოუწია გამოსვლამ და მის გასასტუმრებელ ფულზე სირბილიც პოსტფაქტუმ დაიწყეს.

ოქტომბრის ბოლოს თბილისში საერთაშორისო ოთხთა ტურნირიც იყო დაგეგმილი, რომელშიც საქართველოს გარდა, არგენტინის, ბრაზილიისა და ურუგვაის ახალგაზრდულ ნაკრებებსაც უნდა ეთამაშათ. მოგვიანებით ტურნირის ჩატარების თარიღად 17-23 ნოემბერი დასახელდა, მაგრამ დღეს უკვე გადაწყვეტილია, რომ უსპონსორობის გამო ეს ტურნირიც ჩაიშალა, ისევე როგორც არგენტინის ეროვნული ნაკრების სტუმრობა.

მოკლედ, 9 თებერვალს ჩვენი გუნდი მაინც ითამაშებს, ოღონდ - არგენტინის ნაცვლად...სომხეთის ნაკრებთან! მერედა, ცუდია? სომხებმა ხომ ოღონდ ვინმე გვეთამაშოსო და ფულის მოთხოვნაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, აქეთ გვეტყვიან მადლობას.
კატეგორია: საქართველო | ნანახია: 635 | დაამატა: LiverPooLa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
0  
4 LiverPooLa   (15.01.2011 18:50) [Entry]
bicho argentinas rom movugot reitingshi erti 20adgilit win waviwevit magitom mindoda argentina tbilishiii.vici rom movugebdit da...

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?
სულ პასუხები: 32
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 18
სტუმარი: 18
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა