სერია A-ს XXV ტურს საფეხბურთო იტალია საკმაოდ კარგ ხასიათზე ხვდება,
რადგან თაობათა ცვლის პროცესში მყოფმა "სკუადრა აძურამ"' გერმანიის
აწყობილ გუნდთან და ნამდვილ მანქანასთან ტოლსწორად ითამაშა. შედეგიც
საყაიმო დადგა, თუმცა მთავარი ის არის, რომ იტალია თამაშით არ ჩამორჩა
იოახიმ ლიოვის სამწყოსს და ისე გაისარჯა, როგორც ერთ მუშტად შეკრული,
უმაღლესი კლასის გუნდი.
იტალიურ სპორტულ პრესაში ორი მთავარი მოვლენა ირჩევა:
გერმანიასთან გამართული ამხანაგური პაექრობა და მოახლოებული დიდი იტალიური
დერბი. დიახ, XXV ტურში ერთი ისეთი მატჩია, რომელიც აუცილებლად უნდა
გამოვარჩიოთ და მასზე ვრცლად ვისაუბროთ. ამბობენ, რომ აპენინებზე ყველაზე
მეტი გულშემატკივარი ამ ორ გუნდს ჰყავს და სწორედ ამიტომ შეერქვა
"ინტერი"-"იუვენტუსის" დაპირისპირებას დიდი იტალიური დერბი. თუმცა, ამ
შემთხვევაში "იუვენტუსი"-"ინტერი" უნდა ვთქვათ, რადგან მასპინძელი
"ბიანკონერია". მით უკეთესი, ამ ეტაპზე "ინტერი" უკეთეს ფორმაშია და
საკუთარ მოედანზე მაინც ფავორიტი იქნებოდა - ასე კი თამამად შეგვიძლია
ვთქვათ, რომ შანსები თანაბარია.
ორივე გუნდის ბანაკში საბრძოლო
განწყობაა - მილანელებმა რატომღაც დაიჩემეს, რომ თუ "იუვეს" მისსავე
მოედანზე დაამარცხებენ, სკუდეტოც მათ დარჩებათ. დაახლოებით ასეთი
შინაარსის განცხადება გააკეთა ესტებან კამბიასომ, ვისაც ტიაგო მოტამაც
აუბა მხარი და მარკო მატერაციმაც, ხავიერ ძანეტი კი როგორც ყოველთვის
ადეკვატურია: "ტურინში თამაში ყოველთვის რთულია და დიდი ბრძოლისთვის
ვემზადებით. "იუვეს" უკან დასახევი გზა არ აქვს და აუცილებლად სამ ქულაზე
ითამაშებს. ვფიქრობ, რომ ეს გარემოება ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს და
აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მთავარია, მასპინძლებს სწრაფი გოლის გატანის
საშუალება არ მივცეთ, შემდეგ კი ჩვენი სცენარით უნდა წავიყვანოთ თამაში.
"იუვენტუსთან" შეხვედრა სკუდეტოსკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯია,
თუმცა არა გადამწყვეტი."
"ინტერს" კრისტიან კივუს გარეშე მოუწევს
ასპარეზობა, რადგან გასულ ტურში რუმინელმა სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია
გამოიწერა. ტრავმირებულნი არიან ლუსიო, ვალტერ სამუელი და დიეგო მილიტო.
შედეგად, ამ მეტად პრინციპული პაექრობის გამოტოვება მოუწევთ. შეტევის წინა
ხაზზე სამუელ ეტოოს და ჯამპაოლო პაცინის ვიხილავთ, მათ უკან კი ფორმაში
შესული ვესლი სნეიდერი გაირჯება - ვერაფერს იტყვი, შთამბეჭდავი შეტევაა.
ხავიერ
ძანეტიმ სწორად თქვა, "იუვეს" უკან დასახევი გზა არ აქვს და აუცილებლად
სამ ქულაზე ითამაშებს. ტურინული გრანდი სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა,
არასტაბილურად ასპარეზობს და მოგება ჰაერივით სჭირდება - როგორც
სატურნირო, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. მაგალითად, ლუჩანო მოჯი
მიიჩნევს, რომ თუ ტურინელებმა წააგეს, ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის
შანსს საბოლოოდ დაემშვიდობებიან. ასე გადაჭრით საუბარი ცოტა სარისკოა,
მაგრამ სენიორ კალჩოპოლის განცხადება ლოგიკას მოკლებული ნამდვილად არ
გახლავთ.
ლუიჯი დელ ნერი 4-4-2 ტაქტიკას აირჩევს, ამას წყალი არ
გაუვა. საინტერესოდ გამოიყურება შეტევის ხაზი, სადაც წესით ორი ალესანდრო
უნდა ვიხილოთ: მატრი და დელ პიერო. ვნახოთ, როგორ შეეწყობიან ერთმანეთს
ახალგაზრდა ექს-კალიარელი და ტურინული გრანდის ცოცხალი ლეგენდა. წინა
ტურში კლაუდიო მარკიზიომ მიიღო მიკროტრავმა და იყო ეჭვი, რომ დიდი
იტალიური დერბის გამოტოვება მოუწევდა. თუმცა, ბოლო ინფორმაციით მარკიზიო
სრულ მზადყოფნაშია და "ინტერს" პირველივე წუთებიდან შეეტოქება. დელ ნერი
ოპტიმისტურად არის განწყობილი და მიიჩნევს, რომ მის გუნდს რეალური
აღმასვლის დასაწყებად სწორედ ასეთ მეტოქესთან ჯახი სჭირდებოდა: "თუ
გვინდა, რომ რთული პერიოდი საბოლოოდ ჩამოვიტოვოთ უკან, "ინტერის"
დამარცხებაა საჭირო. სიმართლე გითხრათ, დღეს "ნერაძურისთან" თამაში
მირჩევნია ნებისმიერ აუტსაიდერთან დაპირისპირებას, რადგან ფეხბურთელები
ენთუზიაზმით არიან აღსავსე. "ინტერის" დამარცხების შემთხვევაში, საკუთარი
თავის რწმენა გაგვიორმაგდება, რაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით
უმნიშვნელოვანესია. ვფიქრობ, რომ სამი ქულა ჩვენ დაგვრჩება."
ტურის
პირველ შეხვედრას ლიდერი გამართავს და საკუთარ მოედანზე "პარმას"
უმასპინძლებს. მასიმილიანო ალეგრი მოგებაზე გეშავს შეგირდებს და აცხადებს,
რომ ამ ტურში აუცილებლად უნდა გაზარდონ სხვაობა თანაქალაქელთან. ეს იმას
ნიშნავს, რომ ალეგრის "იუვეს" წარმატების სჯერა და შესაბამისად, არ უნდა
წინ გაჭრის შანსი ხელიდან გაუშვას.
"როსონერი" სამი შემტევით
ითამაშებს, წინა ხაზზე ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ალეშანდრე პატო გაირჯებიან,
უკნიდან კი რობინიო იმოქმედებს. სათადარიგოთა შორის მოიაზრება ანტონიო
კასანო, რომელმაც გერმანიასთან შეხვედრაში შესანიშნავი შთაბეჭდილება
დატოვა. ბევრს არ ეგონა თუ ანტონიო ასეთ კარგ ფორმაში იყო და წესით,
"პარმასთან" მეორე ნახევარში მაინც უნდა ჩაერთოს თამაშში.
ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართება "ოლიმპიკოზე", სადაც "რომა"
"ნაპოლის" უმასპინძლებს. რომ არა დიდი იტალიური დერბი, ეს მატჩი უდავოდ
ცენტრალური იქნებოდა. ვალტერ მაძარის გუნდს სერიოზული გამოცდის ჩაბარება
მოუწევს, მით უმეტეს, რომ "ნაპოლი" გასვლაზე და სახლში სხვადასხვა გუნდია.
სტუმრებს სამივე შემტევი მწყობრში ჰყავთ - მარეკ ჰამშიკი, ეზეკილ ლავეცი
და ედისონ კავანი წესით სასტარტო შემადგენლობაში უნდა ვიხილოთ. "გაძეტა
დელო სპორტის" მტკიცებით, კლაუდიო რანიერი ფრთხილ სტრატეგიას აირჩევს და
4-4-2 ტაქტიკაზე გააკეთებს აქცენტს. შეტევის წინა ხაზზე მარკო ბორიელოს და
ფრანჩესკო ტოტის ვიხილავთ, მირკო ვუჩინიჩი კი საჭიროების შემთხვევაში
ჩაერთვება თამაშში. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება... "ბარის" მესვეურებმა
კი როგორც იქნა მიიღეს გადაწყვეტილება და მთავარი მწვრთნელის პოსტიდან
ჯამპიერო ვენტურა გაათავისუფლეს. მის ნაცვლად ბორტოლო მუტი დაინიშნა. 56
წლის სპეციალისტი, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და შემდეგ
გუნდებში უმუშავია: "ვერონა", "პიაჩენცა", "ნაპოლი", "პალერმო" და
"რეჯინა".
დღეს:
მილანი-პარმა 21.00 დისკვალიფიკაცია: მორონე (ტრავმა). ტრავმა: ანტონინი, ძამბროტა, ბოატენგი, ინძაგი, ამელია, შტრასერი, ამბროზინი, ლეგროტალიე - პიზანო, კალვო, მარკესი.
რომა-ნაპოლი 23.45 დისკვალიფიკაცია: მექსე, ნ. ბურდისო (რომა). ტრავმა: ადრიანო - გრავა, ვიტალე.
ხვალ:
პალერმო-ფიორენტინა 15.30 დისკვალიფიკაცია: კამოციერი, ბასინოვიჩი (პალერმო). ტრავმა: კასანი, პინილია, გოიანი, დარმიანი - ვარგასი, კროლდრუპი, იოვეტიჩი, ფრეი.
ბარი-ჯენოა 18.00 დისკვალიფიკაცია: არავინ. ტრავმა: ბარეტო, ს. მაზიელო, რომერო, რივასი - ანტონელი, ბოზელი, დესტრო.
ბრეშა-ლაციო 18.00 დისკვალიფიკაცია: არავინ. ტრავმა: დალამანო, სერენი - დელ ნერო, მეგნი, გარიდო, როკი, დიაკიტე, რადუ.
კალიარი-კიევო 18.00 დისკვალიფიკაცია: ფერნანდესი (კიევო). ტრავმა: ლანერი, ნაინგოლანი, აგოსტინი - ლუჩანო, მარკოლინი.
კატანია-ლეჩე 18.00 დისკვალიფიკაცია: ალვარესი - ფაბიანო. ტრავმა: ბიაჯანტი, ისკო, კაპუანო, კარბონი, ბელუში - ტომოვიჩი, დი მიკელე, ჯულიატო, ოფერე.
ჩეზენა-უდინეზე 18.00 დისკვალიფიკაცია: ხიმენესი (ჩეზენა). ტრავმა: დელაფიორე - ბასტა, დერონეტი, ანჯელა, ჰანდანოვიჩი.
სამპდორია-ბოლონია 18.00 დისკვალიფიკაცია: ვოლტა - ბრიტოსი, დელა როკა. ტრავმა: სემიოლი, გასტალდელო, პოცი - ეკდალი, ბრიტოსი, გარიჩი.
იუვენტუსი-ინტერი 23.45 დისკვალიფიკაცია: კივუ (ინტერი). ტრავმა: რინაუდო, დე ჩელიე, კვალიარელა, ტრაორე, იაკვინტა - სტანკოვიჩი, მარიგა, ლუსიო, სამუელი, მილიტო.
თ მ ფ წ ბ ქ 1. მილანი 24 14 7 3 40-19 49 2. ნაპოლი 24 14 4 6 38-22 46 3. ინტერი 23 13 5 5 44-27 44 4. ლაციო 24 12 6 6 30-22 42 5. პალერმო 24 12 4 8 42-31 40 6. უდინეზე 24 12 4 8 39-30 40 7. რომა 23 11 6 6 35-30 39 8. იუვენტუსი 24 10 8 6 40-30 38 9. კალიარი 24 9 5 10 28-26 32 10. კიევო 24 7 10 7 26-23 31 11. ფიორენტინა 23 7 8 8 23-24 29 12. ბოლონია 23 8 8 7 25-30 29 13. ჯენოა 23 7 7 9 19-22 28 14. სამპდორია 23 6 9 8 20-25 27 15. პარმა 24 6 8 10 23-30 26 16. ლეჩე 24 6 6 12 24-43 24 17. კატანია 24 5 8 11 19-31 23 18. ბრეშა 24 6 4 14 20-31 22 19. ჩეზენა 24 5 6 13 17-31 21 20. ბარი 24 4 5 15 14-39 14
ბომბარდირები: 17 – კავანი (ნაპოლი); 16 – დი ნატალე (უდინეზე); 15
– ეტოო (ინტერი); 14 - დი ვაიო (ბოლონია); 13 – იბრაჰიმოვიჩი (მილანი),
მატრი (იუვენტუსი).
|