მსოფლიოში იშვიათია ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ნათამაშები აქვს "ბარსელონასა" და "რეალში" და ამავდროულად ორივე კლუბის ლეგენდაა. ასეთი გამონაკლისი მხოლოდ ორი ფეხბურთელია - ლუიშ ფიგუ და ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდო.
ლუიშ ფელიპე მადეირა კაეირუ ფიგუ
1995 წლის ზაფხულში ლუიშ ფიგუმ "პარმასთან" გააფორმა ხელშეკრულება, რამდენიმე დღის შემდეგ კი ტურინის "იუვენტუსთან" წინასწარ შეთანხმებას მოაწერა ხელი. ამის გამო მას პრობლემები შეექმნა, გაურკვევლობა კი იმით დასრულდა, რომ ფიფა-მ ორივე დოკუმენტი ძალადაკარგულად გამოაცხადა და "ბარსელონამაც" არ დაახანა - პორტუგალიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი და გადაიბირა. ლუიშ ფიგუ 2000 წლის ზაფხულამდე დარჩა "ბარსელონაში", მერე კი მადრიდის "რეალში" გააგრძელა კარიერა და კატალონიელთათვის ყველაზე საძულველი ფეხბურთელი გახდა - "ბარსელონას" გულშემატკივრებმა მას იუდა უწოდეს, სამეფო კლუბის მაისურით "კამპ ნოუზე" დაბრუნებულს კი შემწვარი ღორის თავიც ესროლეს. მადრიდის "რეალის" პრეზიდენტად არჩეულმა ფრორენტინო პერესმა ცარსკვლავური შემადგენლობის თავმოყრა პორტუგალიელის გადაბირებით დაიწყო : "ბარსელონას" საბანკო ანგარიში 55 მილიონი ევროთი შეავსო და ფიგუს სამეფო კლუბის ქათქათა მაისური მოარგო. ტიტულების მოხვეჭა მსოფლიოს 2001 წლისსაუკეთესო ფეხბურთელმა დედაქალაქშიც განაგრძო: ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ამდენჯერვე აღმართა ესპანეთის სუპერთასი და რაც მთავარია, 2002 წელს სწორებ "რეალში" მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ეს მის კარიერაში მეორე ევროთასი იყო: 1997 წელს თასების მფლობელთა თასი აღმართა. პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ლუიშ ფიგუმ ღირებულს ვერაფერს მიაღწია, მაქსიმუმი, რაც შეძლო, ეფრობის ვიცე-ჩემპიონობა იყო: 2004 წელს, მის სამშობლოში გამართულ კონტინენტის პირველობაში პორტუგალია საბერძნეთის ნაკრებთან ორჯერ დამარცხდა, მათ შორის ფინალშიც. ცნობისათვის : ქვეყნის პირველი გუნდის შემადგენლობაში ფიგუმ 127 შეხვედრა ჩაატარა, რაც პორტუგალიის ნაკრების რეკორდია. ფიგუ რუი კოშტასთან, ვიტორ ბაიასთან, ჟოაო პინტუსთან, ფერნანდო კოუტუსთან, პაულო სოუზასთან და კიდევ რამდენიმე მოთამაშესთან ერთად "ოქროს თაობის" წევრი იყო, მაგრამ მათ ისე დაასრულეს კარიერა, რომ იუნიორებში მოგებული ტიტულების გარდა, ფერაფერს შესწვდნენ. დღეს პორტუგალიელი ვარსკვლავი მილანის "ინტერის" წევრთაგანია.
ტიტულები ბარსელონა: ესპანეთის ჩემპიონი: 1998, 1999
ესპანეთის თასი: 1997, 1998 ესპანეთის სუპერთასი: 1996 თასების მფლობელთა თასი: 1997 მადრიდის რეალი კლუბთან ერთად მოგებული ტიტულები: ესპანეთის ჩემპიონი: 2001,2003 ესპანეთის სუპერთასი: 2001,2003 ჩემპიონთა თასი: 2002 ევროპის სუპერთასი: 2002 საკონტინენტთაშორისო თასი: 2002
რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა ბევრი ვარსკვლავის მსგავსად, რონალდოც ღარიბ–ღატაკ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. მამამისი ნელიო ნაზარიო დე ლიმა იმხანად სატელეფონო კომპანია „ტელირში" მუშაობდა, დედა სონი დოს სანტოს ბარატა კი პიცერიაში დამლაგებელი იყო. ოთხი წლის ასაკში რონალდომ მამისგან სანუკვარი საჩუქარი – ტყავის ბურთი მიიღო და მას შემდეგ ის ბურთის გარეშე აღარავის უნახავს. ბიჭუნას მოზრდილები ახლოს არ იკარებდნენ და მას ისღა დარჩენოდა, თავის საყვარელ ტყავის ბურთთან განმარტოვებულიყო... რონალდოს სკოლა არასოდეს იზიდავდა, მას ქუჩაში ყოფნა ერჩივნა. გავიდა დრო, რონალდო ყოველდღიურად საოცარი მონდომებით ვარჯიშობდა – პასებს, დარტყმებს ამუშავებდა. თავს არ ზოგავდა. მისგან რაკეტასავით სწრაფი, ნებისმიერი ეზოს გუნდისთვის სასურველი ფეხბურთელი დადგა.
1988 წელს რონალდომ თავის პირველ გუნდში „ვალკუერეში" დაიწყო თამაში. რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვეოთ, ის მეკარე იყო. თუმცა, მეკარის ხელთათმანებზე მეტად მას თავდასხმაში თამაში იზიდავდა და რადგან გოლების გატანის შნოც აღმოაჩნდა, მწვრთვნელებმა კარი სხვას ჩააბარეს. მალე რონალდოს ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი დადგა. ეს „ვასკო და გამასთან" მატჩში მოხდა. „ვალკუერემ" მეტოქე რონალდოს გოლების წყალობით დაამარცხა. ეს ამბავი გუნდ „სოციალ რამოსის" ხელმძღვანელს არ გამოპარვია, რომელმაც ფეხბურთელის დედის წინააღმდეგობის მიუხედავად, მისი გადაბირება მოახერხა.
პირველმა დიდმა წარმატებამაც არ დააყოვნა. რონალდო ქვეყნის 17–წლამდე ასაკის ბავშვთა ნაკრებში მოხვდა და კოლუმბიაში გამართულ სამხრეთ ამერიკის ჭაბუკ ნაკრებთა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. საერთაშორისო არენაზე ასეთი შთამბეჭდავი დებიუტის შემდეგ ფეხბურთელი მისმა მფლობელებმა – პიტამ და მარტინსმა, რომლებსაც იგი 7 500 დოლარად ჰყავდათ ნაყიდი, „კრუზერიოს" 50 000 დოლარად მიჰყიდეს.
რონალდოს ამხანაგები დღეს იხსენებენ,თუ რა უცნაური და მარიფათიანი იყო იგი იმ პერიოდში. პარტნიორებს ჰამბურგერებს პარავდა, მწვრთვნელს კი ახალ ბუცებსა თუ ბოტასებს. ყველას თავს აცოდებდა, ჟურნალისტებს ათასგვარი ხრიკებით აგიჟებდა... თურმე, ერთხელ, რონალდო რესტორანში შევიდა და შესჩივლა, ფეხბურთელი ვარ, არაფერი მაბადია, დანა–ჩანგალიც კი არ მაქვსო. ერთი სიტყვით, ცოტა ხანში რესტორნის მომსახურე პერსონალი ცრემლებს აღვარღვარებდა. ბოლოს, როცა რონალდო წუწუნსა და თავში ხელის ცემას მორჩა, რესტორნის მენეჯერმა მთელი სერვიზი–თეფშები, ჩანგლები და ჭიქები უფეშქაშა.
ჰოლანდიურ „პსვ–ში"გადასვლა რონალდოს კარიერაში უდავოდ დიდი ნახტომი იყო. „პსვ–ს" მენეჯერს, არნესენს, ხოტბა შეასხეს, ყოჩაღ თქვენ, ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი რომ აღმოაჩინეთო. ამაზე არნესენმა განაცხადა, რონალდოს შეძენას ტყუილად მილოცავთ, ასეთ ნიჭიერ ფორვარდს ბებიაჩემიც კი დაინახავდაო. რონალდო კომპანია „ნაიკმაც" შენიშნა და სპონსორად მოევლინა, არადა, მანამდე სულ რაღაც ერთი წლის წინ ბრაზილიელს „ნაიკის" ბუცების შესაძენი ფულიც კი არ ჰქონდა.
1996 წელს რონალდო ამერიკაში, ატლანტის ოლიმპიადაზე გაემგზავრა. ბრაზილიის ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა,რონალდო კი გუნდის რიგებში ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა. შედეგად, ფეხბურთელის შეძენით კატალონიური „ბარსელონა" დაინტერესდა და რონალდო 20 მილიონ დოლარად კატალონიაში გაემგზავრა.
„ბარსასთან" რონიმ მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა, პარალელურად „ნაიკმაც" სასწრაფოდ მიიღო ზომები. ბრაზილიელის სპონსორობას ხომ უკვე ბევრი ცნობილი ფირმა ნატრობდა. იმ პერიოდიდან მსოფლიოში „რონალდომანია" დაიწყო.
„ბარსას" შემადგნლობაში რონალდო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ამ წარმატებას იგი მშვიდად შეხვდა. ბარსელონაში ცხოვრება რონალდოს ძალიან მოსწონდა და სურდა, რომ იქ დიდხანს დარჩენილიყო, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობასთან პრობლემები შეექმნა. ამას დაერთო მილანიდან საოცრად მიმზიდველი წინადადება და რონალდოს გულმა იტალიისკენ გაუწია. ბარსელონაში ახლაც დარწმუნებულები არიან, რომ რონალდო მათი კლუბის ერთგული არასდროს ყოფილა და თავის ინტერვიუებში ზღაპრებს ჰყვებოდა. „ბარსას" ფანებს სჯერათ, რომ „ინტერის" შემოთავაზებული წინადადება ბრაზილიელს კარგა ხნის აწონილ–დაწონილი ჰქონდა და თვალთმაქცობდა, აქაოდა, არსად წამსვლელი არ ვარო. ერთი სიტყვით, რონიმ არჩევანი იტალიელთა სასარგებლოდ გააკეთა და თავის კარიერაში კატალონიური გვერდი გადაფურცლა.
„ინტერმა", მილანმა და იტალიამ რონალდო პირველივე დღიდან შეიყვარა. სერია ა–ში შესრულებული მეორე ჰეთ–თრიკის შემდეგ, ფანებმა რონალდოს „ფენომენი" შეარქვეს. პირველ „ინტერულ" სეზონში მან უამრავი ჯილდო მოიპოვა: „ოქროს ბუცი", „ოქროს ბურთი" და „ფიფას ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის" ტიტული.
მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატზე რონალდო ბრაზილიის ნაკრების მთავარი იმედი იყო.
საფრანგეთში რონიმ თავისი ახლობელ–ნათესთვების მთელი არმია ჩაიყვანა და ბილეთებზე თუ სასტუმროს ნომრებზე 50 ათასი დოლარი დახარჯა. თავისი გერლფრენდი, მოდელი სუზანა ვერნერი მდიდრულ სახლში მიაბრძანა და როგორც მოსალოდნელი იყო, ჭორების ქარბორბალაც აგორდა. ჟურნალისტებმა უმალ გამოთვალეს, რომ სუზანა რონალდოსთვის რიგით მე–200 ქალი იყო. რამდენიმე დღეში არგენტინულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, სუზანას ბრაზილიელი ჟურნალისტი პედრო ბიალი ჰყვარობსო. ცხადია, ამ ყველაფერმა რონალდოზე ნეგატიური გავლენა იქონია. იგი ბიალის პირისპირ შეხვდა და კაცურად დაელაპარაკა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ ყველაფერი ჭორი იყო. რონალდოს ნერვები ისედაც მაქსიმალურ ზღვარზე ჰქონდა და რა თქმა უნდა ყოველივე ზემოთ აღნიშნულმა ის ძალიან დააზარალა. ამას ისიც დაერთო, რომ სუზანას ხელში ჩაუვარდა ფოტო, სადაც რუსი ჩოგბურთელი ანა კურნიროვა რონალდოს კოცნიდა.ერთი სიტყვით, სუზანამ „კიჭას" სათქმელი პირში მიახალა და დაშორდა. საფრანგეთის ნაკრებთან ფინალური მატჩის დაწყებამდე ბრაზილიელთა თავკაცმა მარიო ზაგალომ გადაწყვიტა, მოედანზე რონალდოს ნაცვლად ედმუნდო გაყვანა. ფორვარდი მწვრთვნელს გუნდის ექიმთან ერთად გამოეცხადა და უთხრა, თამაში შემიძლიაო... იმ დილით ის თავს შეუძლოდ გრძნობდა. რობერტო კარლოსი, რომელიც ოთახში რონალდოსთან ერთად ცხოვრობდა, იხსენებს რომ „კიჭას" ეპილეფსიისთვის დამახასიათებელი შეტევა ჰქონდა, რის გამოც სასწრაფოდ ექიმს უხმო, თუმცა გამოკვლევამ ეპილეფსია გამორიცხა. უბრალოდ რონალდო შეუძლოდ იყო, ალბათ ნერვიულობის გამო. ექიმს უთქვამს, თუ ითამაშებს, მის ჯანმრთელობას ეს არანაირ საფრთხეს არ შეუქმნისო. რონალდომ ითამაშა, მაგრამ ფრანგების წინააღმდეგ ვერაფერს გახდა და ბრაზილიამ წააგო.
„ინტერში" მომავალი სეზონი რონიმ ფაქტობრივად „ცალ ფეხზე" ჩაითამაშა, თუმცა „ინტერისგან" განსხვავებით მის პირად „მონაპოვარს" ცუდი არ ეთქმოდა. მან ბრაზილიეელთა 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 14 გოლი გაიტანა და 1998 წელს ზიდანის შემდეგ საუკეთესოდ აღიარეს. როგორც მანამდე, ახლაც ყველა ცნობილი სახე ცდილობს რონალდოს გვერდით გაიელვოს, სურათებში გამოჩნდეს. მათ შორის არიან მადონა, ტიმ დანკანი, ვალენტინო როსი, რუბენს ბარიკელო და კიდევ სხვები.
ისტორია სუზანა ვერნერთან დაკავშირებით, მან უკვე დაივიწყა. ის მეუღლესთან მილენა დომინგესთან თავს ბედნიერად გრძნობდა, მაგრამ მილენამ ქმარს „ინტერის" ჰოლანდიელ ლეგიონერთან კლარენს ზეედორფთან უღალატა და ოჯახური იდილიაც დაირღვა. ამასობაში „ინტერის" ახალ მწვრთვნელად მარჩელო ლიპი დანიშნეს. მისი პირველივე განცხადება სენსაციური იყო: „მე რონალდო არ მჭირდება", –განაცხადა მან და რონალდო სათადარიგოთა სკამზე დასვა.
კორეა–იაპონიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც მეტად სკანდალური გამოდგა, ბრაზილიის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. რონალდომ თავისი შესანიშნავი თამაშის წყალობით ყველა განაცვიფრა და 8 გატანილი გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
„მსოფლიო–2002"–ის შემდეგ რონალდო რეალში გადავიდა. „სამეფო კლუბმა" მისი შეძენა 50 მილიონად შეძლო.„რეალში" რონალდომ შესანიშნავად ჩაატარა 4 სეზონი. „მსოფლიო–2006"–ზე მან კიდევ ერთხელ გაიბრწყინა, 3 გოლი გაიტანა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ „რეალში" არცთუ წარმატებით თამაშობდა, ამიტომ 2007 წლის თებერვალში 7,5 მილიონის სანაცვლოდ „მილანში" გადავიდა და გოლების გატანაც დაიწყო.
ტიტულები ბარსელონა 1997 ესპანეთის თასი 1996 ესპანეთის სუპერ თასი 1997 ევროპის თასების მფლობელთა თასი მადრიდის რეალი ლა ლიგა: 2002–03, 2006–07 საკონტინენტთაშორისო: 2002 ესპანეთის სუპერთასი: 2003
|