მწუხრის ჟამს, თუკი თქვენი ბინის კარი კოსტუმში გამოწყობილმა ახალგაზრდა კაცმა დააკაკუნა, არ იფიქროთ, რომ მაინც და მაინც "ჭეშმარიტებაზე” მოსაუბრე სექტანტი გესტუმრათ, რადგან თავისუფლად შეიძლება ეს ადამიანი თქვენი შვილის მწვრთნელი იყოს, რომელმაც უნდა შეგახსენოთ, რომ საფეხბურთო სკოლაში 50 ლარის გადახდა დაგიგვიანდათ და თუ მომავალშიც ასე გააგრძელებთ, მწვრთნელი იძულებული ბავშვი გუნდიდან დროებით "დაითხოვოს”.
ჩვენ სულაც არ ვცდილობთ, რომ ბავშვებისათვის ფულის მოთხოვნის გამო, გავამტყუნოთ მწვრთნელები. ეს იგივე იქნება, რომ მოზარდ მაყურებელთა თეატრის ადმინისტრაციას მოვუწოდოთ სპექტაკლზე ბავშვების უბილეთოდ დარბაზში შეშვება, ან აქცია მოვაწყოთ მუშტაიდის ბაღის ატრაქციონების მოზარდი თაობის მიერ უფასოდ სარგებლობის მოთხოვნით.
მწვრთნელის ერთადერთი შემოსავალი ხშირ შემთხვევაში სწორედ ბავშვებისაგან აგროვებული გადასახადებია და ელემენტარულად, მასაც სჭირდება გაწეული შრომის საფასურის ანაზღაურება. პრობლემა იმაშია, რომ წმინდა მერკანტილური მიზნების გამო, ბავშვთა გუნდების მწვრთნელები, ხშირ შემთხვევაში იძულებულნი არიან, რომ გუნდში ტალანტების გარდა, საფეხბურთო კუთხით უნიჭო ბავშვებიც აიყვანონ, რათა გუნდის სალარო შეავსოს.
ეს არის თავის ორმაგად მოტყუების პოლიტიკა, რაშიც დამნაშავეები უფრო მეტად მწვრთნელები კი არა, არამედ საფეხბურთო სკოლის მეპატრონეები არიან, რომლებიც მათთან დასაქმებულ სპეციალისტებს ხელფასს სწორედ ბავშვების გადახდილი თანხიდან აძლევენ. ფორმულა მარტივია –რაც მეტი ბავშვია, მით მეტი ფულია და არავინ დაგიდევთ, რომ ზოგჯერ ერთ მოედანზე ოთხი ასაკობრივი ჯგუფი ვარჯიშობს.
ხშირ შემთხევაში უნიჭო ბავშვის მშობელი იტყუებს თავს, რომ მისი შვილისაგან "რაღაცა გამოვა”, და გარდა ამისა, საკუთრივ მწვრთნელიც მოტყუებული რჩება, რადგან იძულებული ხდება, რომ იმუშაოს იმ გუნდთან, რომლის წევრების უმეტესობა ისეთივე მწყრალად არის ფეხბურთთან, როგორც რუსეთის პრემიერი ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი
- დემოკრატიასთან. არსებულ ვითარებაში გამოსავლის ძებნისას ჩნდება კითხვები: მაშ, როგორ ვზრუნავთ ქართული ფეხბურთის განვითარებაზე?
მხოლოდ უცხოელი მწვრთნელის მოყვანითა და მისთვის დიდი ხელფასის დანიშვნით?
ფეხბურთის ფედერაცია ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისა და ტალანტების ხელშეწყობის კუთხით აკეთებს რამეს?
პირადად ვიცნობ ოჯახებს, რომლებმაც ბავშვი ფეხბურთზე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვერ შეიყვანეს, რომ გადასახადის ფული არა აქვთ,ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები ყავთ და დარწმუნებული ვარ დიდ წარმატებას მიაღწევდნენ ფეხბურთში,თუმცა უკვე დაუგვიანდათ ეს ყველაფერი და ეხლა უკვე შეუძლებელია მათთვის ამის გაკეთება.
ასეთი მშობლები ხშირ შემთხვევაში გაჩუმებას ამჯობინებენ და არ წუწუნებენ, რადგან კომუნისტური ეპოქიდან მოყოლებული, საქართველოში სიღარიბე რატომღაც სირცხვილად ითვლება და ხმამაღლა ძალიან ცოტა ვინმე თუ ამბობს, რომ ძალიან უჭირს.
როდესაც ამ ყველაფერზე ფიქრობ, უნებურად ამოგიტივტივდება ერთი აზრი: თუ შედეგი მაინც არ ჩანს და უცხოელი მწვრთნელებისათვის გადასახდელ მილიონებს ფაქტობრივად წყალშო ვყრით, ხომ არ ჯობს, რომ ნაკრების მესაჭის ადგილზე დაბალხელფასიანი და ნაკლებად პრეტენზიული რომელიმე ქართველი მწვრთნელი დავნიშნოთ?! (ნაკრებმა ამაზე ცუდად რაღა უნდა იასპარეზოს? წაგებით ისედაც ყველასთან ვაგებთ).(ოღონდ საუბარი ახლანდელ დროზე არარი,ტოპმიოლერის დროინდელ ნაკრებზეა საუბარი,თორე ახლა სულ ვიგებთ).
უცხოელი მწვრთნელისათვის მისაცემი თანხების საშუალებით კი, შევადგინოთ სპეციალური პროგრამა, რომლის საშუალებითაც, ბავშვებისათვის, საფეხბურთო სკოლაში ვარჯიში უფასო გახდება და მწვრთნელებისათვის გადასახდელი ხარჯებიც, სწორედ აღნიშნული პროგრამის მეშვეობით დაიფარება. შესაბამისად მწვრთნელი მწვრთნელს დაემსგავსება და "ბუღალტერის” ფუნქციას მოიხსნის.
ეს იქნება ერთგვარი საგრანტო სისტემა, მაგრამ ყოველივეზე ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მკაცრი მონიტორინგი უნდა დაწესდეს, რომ ხელი არავის წაუცდეს და ბავშვებისთვის განკუთვნილი ფულით მეორე დღესვე ახალი "ჯიპი” არ შეიძინოს.
შეიძლება ვინმემ თქვას, გრანტების რიგება რა ფედერაციის საქმეაო, მაგრამ ეს მიზნობრივი გრანტი მაინც იქნება და არა ტოპმიოლერისთვის (ან იგივე ჯირესისთის)"უმუშევრობაში” მიცემული ფული. ამ გზით, ერთბაშად 3 კარგი საქმე გაკეთდება:
1. ქართული ფეხბურთის ისტორიაში, პრეცედენტის სახით პირველად მოხდება, რომ ფული მართლაც საჭირო საქმეში დაიხარჯება.
2. ჩვენს უფულო თანამოქალაქეებს, შვილების ფეხბურთზე უფასოდ ტარების საშუალება მიეცემათ.
3. გაიზრდება მწვრთნელების მოტივაცია. ბოლოს და ბოლოს, საქართველო ბრაზილია არ არის, რომ ყველა ბავშვი ბურთს დააგორებდეს და მთავარი პრობლემა, ათაიათასობით ტალანტიდან საუკეთესოების არჩევა იყოს. საქართველოში ტალანტები ყოველდღიურად უნდა ვეძებოთ.
ახლანდელი მიდგომებით კი, შესაძლებელია ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფმა ქართულმა ფეხბურთმა მომავალი ტალანტები მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაკარგოს რომ ბავშვის მშობლებს, გადასახადად დაწესებული 50 თუ 60 ლარი არ გააჩნიათ.