გისურვებთ ესპანეთს - 18 იანვარს 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » იანვარი » 18 » გისურვებთ ესპანეთს
23:24
გისურვებთ ესპანეთს

რამდენიმე დღის წინ მუშტაიდთან ბიჭების, თინეიჯერების დიდი ჯგუფი იდგა.
უმრავლესობა ფეხბურთის ვარჯიშიდან მოდიოდა. ბავშვების თანამედროვე ბრიგადა იყო. კარგი "პრედატორები”, მშვენიერი ამუნიცია, თითქმის ყველას გრძელი თმა და მობილურები. ზოგი მესიჯობს, ზოგი ვარჯიშის მუღამებს იხსენებს, ზოგიც მზესუმზირას აკნატუნებს. ცხადია, უმრავლესობას "მაგარი ტიპის” მაისური აცვია. ძირითადად, "დინამოს” მიმდებარე ტერიტორიაზე რომ მაღაზიებია ჩამწკრივებული, იქ შეძენილი მაისურებია. კაკა, რონალდუ, მესი, კიდევ კაკა, ერთიც მესი. ერთ ბავშვს სუფთა იტალიური ეჭირა: გრძელ თმაზე აბადოკი ეკეთა და ზურგზე დელ პიერო ეწერა. ეს მართლა მესიამოვნა.
ფანურ ზონაზე არ იყო საქართველოს ნაკრების მაისური, მაგრამ ამ ბავშვებმა ჯერ არ იციან, რომ ჩვენი ფედერაციის წინა სლოგანი იყო "ჩვენ ერთი გუნდი ვართ”. ვიდეოკლიპს ნახავენ, ლოყებზე იაფფასიანი საღებავით საკუთარი ქვეყნის დროშას დაიხატავენ და კაკას ნაცვლად, ზურგზე ყენია ან ანანიძე გაჩნდება.
ჰო, იმ ბრიგადიდან არც ერთს არ ეცვა ესპანეთის ნაკრების მაისური. მესი და "ბარსელონა” ახლოსაა, მაგრამ ესპანეთის ნაკრები არ დამინახავს. ბავშვებს მსოფლიო ჩემპიონების მუღამი არ დაუჭერიათ ან დიდი ხანია მშობლებთან ერთად რომელიმე სპორტულ ბუტიკში არ შესულან.
მერე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დღე გამახსენდა. ბარებში და ყველგან, სადაც ნორმალური ეკრანი იყო დამონტაჟებული, კლიენტების დიდი ნაწილი მაგიდას ფეხბურთის ხათრით იღებდა. მაშინაც უფრო მეტი ჰოლანდიის, იტალიის, ბრაზილიის, მესის მაისურები აჭრელებდა იქურობას. იყვნენ ტორესის, ვილიას და რაულის ფანებიც, მაგრამ შედარებით ცოტა.
იტალიამ ამ ჩემპიონატზე საერთოდ ვერ ითამაშა. შეცდომა დაუშვა მარჩელო ლიპიმაც, როდესაც წინა რეცეპტით მომზადებული კერძით მეორედ მოინდომა ჯეკპოტის მოხსნა. მარჩელოს კულინარიული შედევრი უგემური, ცივი და შეუხედავი აღმოჩნდა. ლიპის პიცას აკლდა ინგრედიენტები. იტალიამ იტალიურად ვერ შეუბერა და დელ პიეროს, ტოტის, ნესტას გარეშე ცისფერები გეი კლუბიდან გამოგდებული უსქესო მეძავებივით ეძებდნენ კლიენტებს.
არგენტინა ფეხბურთის სათამაშოდ ჩავიდა და ვერ გაიგო, მართლა ფეხბურთი უნდა ეთამაშა თუ სხვა რამეში ტარდებოდა მსოფლიო ჩემპიონატი. უხვად იყო კაიფი არგენტინისა და გერმანიის VS-ში. არგენტინა იმ ქალიშვილივით იყო, მესვირინგესთან რომ მიდის, სვირინგის გაკეთება უნდა და არ იცის, სად და რა გაიკეთოს. გერმანია ტარანტინოს ბოლო შედევრის ბრიგადასავით იქცეოდა. ხედირა, იოზილი, შვაინშტაიგერი, მიულერი და კლოზე უსახელო ნაბიჭვრებივით დაძრწოდნენ და არგენტინას იუმორის დიდი დოზით ეთამაშებოდნენ. ლიოვმა სცენარი რამდენჯერმე გადაწერა და დინამიკური, სისხლიანი, ოფლიანი, საინტერესო ბლოკბასტერი გამოვიდა. ყველამ კარგად იხალისა.
და იყო ესპანეთის ნაკრები, რომელმაც ტურნირი შვეიცარიასთან გაუგებარი წაგებით გახსნა. იმ 0:1-ით ტოტალიზატორებმა დიდი კუში დაირტყეს, ესპანეთმა გამოიღვიძა და მერე ესპანურად დაიქოქა.
საუკეთესო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა. საუკეთესო ნაკრებში საუკეთესო კლუბის ბევრი სერიოზული შემსრულებელი იყო. საუკეთესო ნაკრები 2010 წლის საუკეთესო ნაკრებია. არა მარტო ფეხბურთში, ყველა სახეობაში. 2010 წლის დომინანტი ესპანეთია.

"ბარსელონა” თუ ესპანეთი? პრინციპში, დიდი სხვაობა არ არის, მაგრამ მაინც ესპანეთი. "ბარსელონა” რომ დაგვესახელებინა, "ინტერის” ფანები ჩვენს რედაქციასთან ჟოზეს პოსტერებით მიტინგს მოაწყობდნენ. მოკლედ, შევთანხმდით, რომ ესპანეთი.
სამხრეთ აფრიკაში ესპანეთი ყველაზე კარგი, აწყობილი, დალაგებული გუნდი იყო. ორი გენიოსით, საყვარელი და უკონფლიქტო მთავარი მწვრთნელით და ძალიან ეფექტური გულშემატკივრებით. მანოლოს გარდა, ფანების ბრიგადაში სერიოზული მანდილოსნები შედიოდნენ. მანოლოზე ოდნავ ეფექტურები.
ფინალში ესპანეთმა ერთი გოლი შეაგდო. ანდრეს ინიესტამ საჯარიმოში მოხატა, მანამდე კი დელ ბოსკეს ტილოზე სხვა მხატვრები მუშაობდნენ. კლასიკოსები, იმპრესიონისტები, ბოსხები, ვან გოგები, პუიოლები - დელ ბოსკეს ბრიგადაში ყველა ხატავდა და ყველა მონდომებული იყო.
დელ ბოსკემ ლუის არაგონესის ნაკრები არ შეცვალა. აზრი არ ჰქონდა. ევროპაზე მასტერკლასის ჩატარების შემდეგ ესპანეთი სამხრეთ აფრიკაშიც ფანტასტიკური იყო და რაც იცოდა, იმით მოიგო. უბრალოდ, სხვებთან შედარებით, ბევრი იცოდა და შემსრულებლებიც უკეთესი ჰყავდა.
ჰოლანდიასთან ინიესტას გოლი სესკ ფაბრეგასმა და სერხიო რამოსმა გამოძერწეს. კომბინაციაში მიიღეს მონაწილეობა ხესუს ნავასმა და ფერნანდო ტორესმაც, ბოლოს კი დონ ანდრესმა შეასრულა.
ავსტრია/შვეიცარიაში არაგონესის გუნდმა იფრინა, იტალის გარდა ყველა მიტყეპა და იტალიას იტალიურად, პენალტების სერიაში აჯობა. ვილიამ და ტორესმა რუსები ორჯერ მუხლებზე დააყენეს და მოედანზე ტინტო ბრასის შედევრების სპორტული ინტერპრეტაცია მიდიოდა. ესპანური სუბტიტრებით, ესპანური მუსიკალური ფონით, ესპანური გაფორმებით და ესპანურად მიდიოდა.
სამხრეთ აფრიკაშიც ესპანური ენის სწრაფად შესწავლის კურსები ტარდებოდა. სწრაფად, თავის ფასში, ხარისხიანად გვაწვდიდნენ მასწავლებლები ყველაფერს და საშიანაო დავალების მომზადებაც არავის ეზარებოდა. ყველაფერი ორგანულად, დროულად კეთდებოდა. ხავიმ და ინიესტამ (სხვებმაც) ზიდანის მერე ყველაზე ზიდანურად ითამაშეს და დელ ბოსკეს ბრიგადა ჭადრაკის კურსების პიარითაც არ იყო დაკავებული.
ვერ იყო ფორმაში ტორესი და მშვიდად იჯდა რეზერვში, მოედანზე კი მაქსიმუმს აკეთებდა. ვერ ხვდებოდა ძირითადში ფაბრეგასი და რა დროც ეძლეოდა, მაქსიმალურად იყენებდა მორიგი სიუიტის შესაქმნელად. პორტუგალიასთან იცელქა ბასკმა ჩემბერლენმა, ფერნანდო ლორენტემ და პიჟონების ბრიგადას ესპანეთმა პიჟონურად გადაუარა. დიდი დებიუტი ჰქონდა პედრო როდრიგესსაც. მზად იყვნენ, კასილიასის შეცდომის ან ტრავმის შემთხვევაში, რეინა და ვალდესი მოედანზე გასულიყვნენ და გოლი არ გაეშვათ. საერთოდ, მთელი ესპანეთი მზად იყო. ყველასთან და მხოლოდ მოსაგებად. 23 ესპანელი 1992 წლის ამერიკელი კალათბურთელების საუკეთესო ინკარნაცია იყო და დელ ბოსკე სამწვრთნელო სავარძელში ჩაკ დეილივით იყო მოკალათებული.
ესპანეთი პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ამ გენერაციამ ერთხელაც უნდა მოასწროს საფეხბურთო მოზაიკით კიდევ ერთი დიდი აუზის მორთვა და ჩემპიონი რომ გახდება, იმ აუზში ჯერ დელ ბოსკეს ან ვინმე სხვას ჩააგდებენ და მერე მთელი გუნდი შეცურავს.
1994-ში იტალია-ესპანეთით მაგრად ვისიამოვნე. რობი ბაჯო მაშინ ბობ დილანი, ჯიმი პეიჯი, ჯედი ლი იყო და მარტო წერდა, მარტო ასრულებდა კომპოზიციებს. მაშინდელ ესპანეთს ბაჯომ მოუგო და ძალიან შემეცოდა ხოსე ლუის კამინერო. იმ ტურნირზე "ატლეტიკოს” კაპიტანი ერთ-ერთი საუკეთესო და დაჩაგრული სუბიექტი იყო. ვერაფერი ვერ მოიგეს ფერნანდო იერომ, რაულმა, ფერნანდო მორიენტესმა, თვითონ გვარდიოლამ, ლუის ენრიკემ, ნადალმა.
სამაგიეროდ, მოიგეს ხავიმ, ინიესტამ, სხვა მაგარმა ტიპებმა. და 2010 წლის საუკეთესო გუნდიც ესპანეთია.
ის ტრიუმფი მთელი ესპანეთის იყო.
ის ტრიუმფი "სევილიას” ანტონიო პუერტას და "ესპანიოლის” დანი ხარკეს ხსოვნას მიეძღვნა.
ის ტრიუმფი მთელი ფეხბურთის, ყველა გურმანის ტრიუმფი იყო. კიდევ ოთხი წელიწადი ესპანურად ვიჭორავებთ. მერე კი ვნახოთ...
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 494 | დაამატა: LiverPooLa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
ესპანეთი
იტალია
გერმანია
ინგლისი
ერთგულები
ევრო თასები
საქართველო
სხვადასხვა
ჩვენი საიტი
საფეხბურთო იუმორი
მულტიმედია
საფეხბურთო პროგნოზები
ინტერვიუები
ისტორიები
ფოტოალბომები
ჩვენი გამოკითხვა
რომელ გუნდს გულშემატკივრობთ
სულ პასუხები: 176
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 13
სტუმარი: 13
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა