მთავარი » 2011 » იანვარი » 18 » ის რაც დიეგოს სურს
|
ზიდანი ყოველდღიურობაში წესიერი, თავშეკავებული კაცია. სოლიდური ბიძა და სამაგალითო მეოჯახეა ფრანც ბეკენბაუერი. მიშელ პლატინი მალე ზეპ პლატერს ჩააჩოჩებს და ისედაც მშვენიერი პერსონაა. იოჰან კრუიფი თავისთვის, მშვიდად იძლევა რჩევებს, სკანდალებში არ ერევა და "ბარსელონაზე" ლოცულობს. ბობი ჩარლტონი სერი გახდა და მთელი ცხოვრება, პროფილში, ბეიკერ სთრითის ერთ ცნობილ პერსონაჟს ჰგავს. თუ ბუდიზმი ნაკლი არ არის (და, ალბათ, არც არის), რობერტო ბაჯო საყვარელი, ბუნჩულა იტალიანო იყო და არ შეცვლილა. არ ანცობს ლეო მესი და ყველა ამბავში კარგი ვინმე იქნება. ამ მშვიდ საზოგადოებასთან ვერ ძმაკაცობს და ყველასგან ძალიან განსხვავდება ყველაზე მაგარი დიეგო, ყველაზე ცუდი მთავარი მწვრთნელი, ყველაზე აფერისტი გენიოსი, ყველაზე გადამგდები ნეაპოლელი მოქალაქე და კლაუდია კანიჯას პარტნიორი (შეთავსებით, ყველაზე მაგარი ფეხბურთელი) მარადონა. რომელიც დიეგოა. და რომელსაც ისევ მწვრთნელობა მოუნდა. დიეგო გაერთო ლონდონში, ჩოგბურთელების არაოფიციალურ მსოფლიო ჩემპიონატზე რომ ჩაფრინდა. თითქმის ყველა VS-ზე მარადონების ოჯახი სამეფო ლოჟაში იყო ჩალაგებული და დიეგო ბედნიერი ფიზიონომიით უკრავდა ტაშს ყველას. ერთხელ ძალიან მოინდომა და პატარა შეცდომა დაუშვა. ტომაშ ბერდიხი ნოვაკ ჯოკოვიჩს ხვდებოდა. დიეგო იქ იყო და მატჩის შემდეგ გამარჯვებულს დიდ სასუვენირო ბურთზე ავტოგრაფი და რამდენიმე სასიამოვნო სიტყვა დაუტოვა. "ტომაშ, შენი ჩოგბურთის დიდი გულშემატკივარი ვარ, ძალიან გაფასებ. კიდევ ბევრი მოგეგოს", - ეწერა ბურთზე. ის მატჩი ჯოკოვიჩმა მოიგო. არგენტინის ნაკრებში დიეგომ იხალისა, მესის მთელი ტურნირი სამმაგი არბენინა და არგენტინაც ისე გავარდა, აზრზე ვერ მოვიდა, მარადონას რა უნდოდა. დიეგოს "ბოკა ხუნიორსში" მისვლა უნდა. წონაში დაიკლო, ბლანჟე მოიწესრიგა, თმას ისწორებს, რესპექტაბელურ ადამიანს დაემსგავსა და, ალბათ, თეთრ ფხვნილშიც არ ეღვიძება. დიეგომ "ბოკას" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა. ერთი პრობლემაა. კლუბს მარადონას ინიციატივამდე ჰქონდა დაწყებული მოლაპარაკება ხულიო სეზარ ფალჩონისთან, რომელიც მალე "ბოკა ხუნიორსის" ახალი მწვრთნელი გახდება. ფალჩონის წარმომადგენელმა სერხიო გრეკომ დაადასტურა, რომ მისი კლიენტი "ბანფილდიდან" წავიდა და "ბოკას" კალუსურას დაწყებამდე ჩაიბარებს. ფალჩონი კარგი მეკარე იყო და წესიერი ადამიანის იმიჯი აქვს. "ბოკა ხუნიორსში" მას ორწლიან ხელშეკრულებას გაუფორმებენ და სეზონში მილიონ ევროს გადაუხდიან. 50 წლის დიეგოს ყველაზე მეტად არ მოეწონა ის ფაქტი, რომ "ბოკაში" მთავარ მწვრთნელად ყოფილი მეკარე ინიშნება. დიეგოს არც ის მოეწონა, რომ "ბოკა" ფალჩონის მილიონ ევროს გადაუხდის. მე თუ ამიყვანთ, ამბობს მარადონა, 700 000 ევროზეც ვიმუშავებ. მთავარია ტრადიციები და არა ფულიო. დიეგომ თავის ამბავში შეუბერა და ყურადღებას ითხოვს. Clarin-თან საუბარში მარადონამ წაიწუწუნა, მსოფლიო ჩემპიონატზე ცოტათი არ გამიმართლა და ერთი უმნიშვნელო წარუმატებლობა არ შემარჩინეთო. თუ "ბოკაში" გადავალ, ყველაფერს მოიგებთ და მერე ისევ არგენტინის ნაკრებში მინდა დაბრუნებაო. მარადონა: "ბოკაში" მალე მივალ. გამიხარდება, თუ კლუბის დირექტორატის წევრები საინტერესო წინადადებით მომმართავენ და ყველაფერი ლამაზად დასრულდება. ფალჩონი კარგი ბიჭია, მაგრამ შეუძლია სადმე სხვაგან ჩაატაროს ექსპერიმენტები. "ბოკაში" ყოფილი მეკარე მთავარ მწვრთნელად არ უნდა დაინიშნოს. თავიდან "ბოკას" პრეზიდენტი ხორხე ამორ ამეალი სულელი მეგონა. მას, უბრალოდ, არ გაახსენდა დიეგო მარადონა და კიდევ ერთ შანსს ვაძლევ. "ბოკასთან" ერთად ბევრს მოვიგებთ." არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დიეგოს მთავარ მწვრთნელად დარჩენა შესთავაზა. ოღონდ მარადონას სამწვრთნელო შტაბი ახალი ხალხით უნდა შეევსო. ეს არ მოეწონა დიეგოს, მისი წიკვინი ყელში ამოუვიდათ ასოციაციაში და მარადონაც გაუშვეს. არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელია სერხიო ბატისტა.
|
კატეგორია: სხვადასხვა |
ნანახია: 417 |
დაამატა: LiverPooLa
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
სტატისტიკა |
---|
სულ ონლაინში: 7 სტუმარი: 7 მომხმარებელი: 0 |
მთვლელები |
---|
|
|