- სულ თავიდან დავიწყოთ - ფეხბურთის თამაში როდის ან სად დაიწყე?
- საქართველოში, ქობულეთში დავიბადე. მამაჩემი, ამირანი პროფესიონალი ფეხბურთელი იყო. იგი ადგილობრივ გუნდსაც წვრთნიდა და ეს გუნდი საქართველოს უმაღლეს ლიგაშიც გადაიყვანა. მანვე მიმიყვანა ფეხბურთზე. ჯერ ქობულეთში ვვარჯიშობდი, მერე თბილისის "დინამოს" ბავშვთა სკოლაში მივედი. ჩემი აგენტი და მამაჩემის მეგობარი ცნობილი ფეხბურთელი, რევაზ ჩელებაძე გახლავთ. სწორედ მან მითხრა, რომ ჩემით კიევის "დინამო" დაინტერესდა. წელიწად-ნახევარი კიევში გავატარე, მერე კი "სპარტაკის" ვარიანტი გამოჩნდა და აქ წამოვედი.
- "სპარტაკმა" სად გნახა?
- 1992 წელს დაბადებულ ჭაბუკებს შორის საქართველოს ნაკრების რიგებში ვთამაშობდი. რუს თანატოლებთან ამხანაგური მატჩი გვქონდა მოსკოვში და `სპარტაკის" სელექციონერებმაც მაშინ შემამჩნიეს. თავიდან სინჯებზე მიმიწვიეს, მერე დუბლებში ჩავირიცხე, ამ სეზონში კი დუბლების ძირითადში გამოვჩნდი. როცა დიდი გუნდი შეკრებაზე გაემგზავრა, მეც წამიყვანეს და ასე აღმოვჩნდი ძირითად გუნდთან ერთად.
- რუსული სად ისწავლე?
- ცოტა საქართველოში, ცოტაც უკრაინაში, მერე კი აქ. დედა რუსი მყავს და ენის ათვისება არ გამჭირვებია.
- რას ნიშნავს შენი სახელი ჟანო?
- ჟანოს აქ მეძახიან, ქართულად კი ჯანო გამოითქმის. მამაჩემმა თავისი მეგობრის პატივსაცემად დამარქვა. რას ნიშნავს მართლა არ ვიცი. ჩვეულებრივი სახელია.
- რომელ პოზიციაზე გირჩევნია თამაში?
- თავდამსხმელების უკან. ისე კი, მნიშვნელობა არ აქვს, მარცხენა ფლანგზე ვიქნები თუ მარჯვენაზე, მთავარია, გუნდს სარგებელი მოვუტანო.
- ყველა ფეხბურთელს თავისი კერპი ჰყავს. შენ ვინ მოგწონს?
- კაკა. ფენომენური ფეხბურთელია.
- "მილანიდან" "რეალში" რომ გადავიდა, გული ხომ არ დაგწყდა?
- არა, რატომ? ითამაშოს "რეალში", მერე კი, ვინ იცის, ეგებ ჩვენთან, "სპარტაკშიც" კი მოვიდეს.
- საფეხბურთო ოცნებაც გექნება.
- ჩემპიონთა ლიგის მოგება მინდა, თუმცა ჯერ "სპარტაკთან" ერთად რუსეთის პრემიერლიგა უნდა მოვიგო.
- ქართულ პრესაში შენი ინტერვიუები იბეჭდება, სადაც სხვაგვარად საუბრობ.
- არ მინდა, ვინმეს გული დავწყვიტო საქართველოში. იქიდან ხშირად მირეკავენ ჟურნალისტები, მაგრამ ინტერვიუზე ყოველთვის თავაზიან უარს ვამბობ. საიდან იბეჭდება ჩემი ინტერვიუები, ვერ გეტყვით