ჯანო! მოსაფრთხილებელი მარგალიტი - 15 იანვარს 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » იანვარი » 15 » ჯანო! მოსაფრთხილებელი მარგალიტი
19:01
ჯანო! მოსაფრთხილებელი მარგალიტი
ქართული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავზე, 17 წლის ჯანო ანანიძეზე, აჟიოტაჟი არ ცხრება და უნდა ითქვას, რომ ამ აჟიოტაჟით, როგორც ხშირად სჩვევიათ ქართველებს, ცოტა ნაადრევად ვკრავთ ჭერში ქუდებს. ჩვენ ორი უკიდურესობის ხალხი ვართ.

ეს თვისება ყველგან და ყველაფერში აჩრდილივით დაგვდევს, რაც ხშირად გამხდარა ჩვენი არაობიექტური და ნაჩქარევი დასკვნების საწინდარი. ანანიძის შემთხვევაში, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთ უკიდურესობას ვაწყდებით - ნიჭიერი ჭაბუკის უსაზღვრო ქება-დიდებასა და ცამდე აყვანას. ამ ვარსკვლავურმა ავანსებმა კი, შესაძლოა, დათვური სამსახური გაუწიოს ქართული ფეხბურთის მომავალს.

ძალიანაც კარგი, გულწრფელად გვიხარია თანამემამულის წარმატება და მომავალშიც გაგვიხარდება. არც ქება გვენანება მისთვის, რადგან იმსახურებს ბიჭი და ალალი იყოს. თუმცა, რომ შეხვიდეთ ქართულ საიტებზე და ნახოთ ნაწილი იმ უთვალავი კომენტარისა, რომელიც ანანიძეს ეხება, მერწმუნეთ, იფიქრებთ, რომ ლაპარაკია პელესა და მარადონაზე თუ არა, მესისა და რონალდოზე მაინც - დითირამბების ცვენაა, მეცხრე ცაზე ლივლივი, ვუნდერკინდად შერაცხვა და პლანეტის მეფედ გამოცხადება. ერთი სიტყვით, დიდების შესხმა და გაკერპება.

გასაგებია, რომ ამდენი მარცხით გულგატეხილ ქომაგს მოენატრა ქართული ფეხბურთის გამარჯვება და ანანიძის გამოჩენა, უდავოდ, დიდ იმედს ბადებს, მაგრამ ამ ხალხს თავშეკავება არ აწყენდა. არაერთი ნიჭიერი მოზარდი გვინახავს ქება-დიდებით გაფუჭებული და დაკარგული. გახსოვთ, 1988-წლიანთა მშვენიერი თაობა, ახალგაზრდული საფეხბურთო ოლიმპიადა რომ მოიგო და ჯერაც პირზე რძეშეუმშრალი ბიჭები საქართველოს ეროვნულ ნაკრებში შეყარეს? და რომელი მათგანი თამაშობს ახლა დიდ ფეხბურთს? არც ერთი! ზოგმა ასაკისთვის შეუფერებელ დატვირთვას ვერ გაუძლო და მძიმე ტრავმებმა დატანჯა, ზოგიც, უბრალოდ, გადაიწვა, ზოგმა კი ფსიქოლოგიურ წნეხს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და ზრდა შეაჩერა.

კარგი, თქვე დალოცვილებო, გეყოფათ რა! ერთი ფინტი და ლამაზი გოლი რომ ტვინს გიბრუნებთ, თქვენ არ იყავით, სიყვარულიდან სიძულვილამდე გადასადგამ ერთ ნაბიჯს დაუფიქრებლად რომ დგამდით და გუშინდელ კერპებს მიწასთან ასწორებდით? შოთა არველაძეს რა დამართა ამ ვაიგულშემატკივართა ამბიციებმა, არ გახსოვთ? ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელს არ აპატიეს ერთადერთი უნებლიე შეცდომა საბერძნეთის ნაკრებთან და წუთის წინ გმირად შერაცხილი კაცი თვალის დახამხამებაში მოღალატედ ჩამოაქვეითეს ისეთი შემზარავი უმადურობით და გულგრილობით, რომ შოთამ, რომელიც იმ დროისთვის ევროპის საუკეთესო გუნდებს გოლებით ამწარებდა, ნაკრებიდან წასვლა გადაწყვიტა.

ან კახა კალაძის მაგალითი აიღეთ, იტალიასთან უიღბლობის შემდეგ კაცი ლამის საქართველოს მტრად გამოაცხადეს და უმეტესობამ დაივიწყა, როგორ უკრავდა ტაშს ჩემპიონთა ლიგის ორგზის ლაურეატს.

გიორგი ქინქლაძე ნაკლები ტალანტი იყო? პირველივე სეზონში ინგლისის პრემიერლიგაში საოცარი სპექტაკლები დადგა. "ასტონ ვილას" ისეთი ბურთი გაუტანა, ინგლისისთვის გატანილ მარადონას ისტორიულ ბურთს წვეთი წყალივით ჰგავდა. იმ სეზონში, მიუხედავად იმისა, რომ ქინქლაძის "მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგიდან გავარდა, გიორგი საუკეთესო უცხოელთა შორის მეორე ადგილზე დაასახელეს და იცით, ვის ერგო პირველი ადგილი? - ლეგენდარულ ერიკ კანტონას, რომლის "მანჩესტერი" ჩემპიონი გახდა.

დაესია ქინქლაძის მსურველი კლუბების სკაუტობა "სიტის" ოფისს - ყველა იქ იყო, "მანჩესტერიც", "არსენალიც", "ლივერპულიც" და "ჩელსიც", სხვებზე აღარაფერს ვამბობ, დაგვითმეთო ქართველი გენიოსი, ნებისმიერ თანხადო, ნებისმიერი პირობითო.

აქაც, საქართველოში, ერთი ამბავი იყო, მეორედ მოსვლა გეგონებოდათ - "მეფე", "ვარსკვლავბიჭუნა", "მარადონას მემკვიდრე"...
21 წლის იყო გიო ქინქლაძე მაშინ... პირდაპირ თავს დაეცა უმძიმესი ტვირთი, ევროპული აღიარება და განუზომელი პასუხისმგებლობა გულშემატკივრის წინაშე.
მერე? ქინქლაძეს პრემიერლიგაში აღარასოდეს უთამაშია, ჩარჩა პირველ დივიზიონში და რასაც ველოდით, იმის ნახევარიც ვერ ითამაშა, სამწუხაროდ.

რას თამაშობდა და რა დონე იყო? შედით ინტერნეტში და აკრიფეთ გიორგი ქინქლაძე, ნახავთ, მართლა რა ვარსკვლავი ჩაეფერფლა ქართულ ფეხბურთს. ძნელია თქმა, რა იყო მიზეზი, მაგრამ ერთ-ერთი გიორგისგან შექმნილი კერპი რომ იყო, წყალი არ გაუვა. არადა, მერწმუნეთ, ძნელად საპოვნელია მისებრ თავმდაბალი და მორიდებული ადამიანი.

ჯანო ანანიძე, იმედია, სწორად გაიგებს ამ წერილის შინაარსს. ყოველ შემთხვევაში, ასაკი რომ დააღვინებს, მაშინ უფრო მიგვიხვდება, რა გვინდოდა, გვეთქვა. მარგალიტი შეიძლება ჰქონდეს კაცს, მაგრამ მის შენახვასაც არანაკლები ნიჭი უნდა, რომ მტვერი არ წაეყაროს და ბრწყინვალება არ დაკარგოს (არ დაგვიკარგავს ქართველებს ამისთანა საუნჯე თუ რა?). ერთი ასეთი მარგალიტი გვყავს - ანანიძე, ოღონდ ჯერ გაფრთხილება უნდა, ზომიერი ქება და ფრთხილად მითითება ნაკლზე.

მას უკვე ავკიდეთ გაუმართლებლად დიდი ტვირთი შარშან, როცა საქართველოს ნაკრებში მისი ჩამოყვანის საკითხი წყდებოდა. მაშინ ჯანოს ოჯახმაც ივაჟკაცა და თავად 16 წლის ბიჭიც დაღვინებული კაცივით მოიქცა - რუსების უამრავი მაცდუნებელი წინადადება უარყო და სამშობლო არჩია! ახლა მაინც მივცეთ მშვიდად თამაშის და ვარჯიშის საშუალება, ნუ განვადიდებთ, ნუ ავიყვანთ ცაში ჯერაც ჭაბუკს, მაგის დროც მოვა, როცა შეძლებს ამის გადახარშვასა და ღირსეულად მიღებას.

დღეს კი მადლობა ვუთხრათ იმ გარჯისთვის, იმ ლამაზი თამაშისა და გატანილი ბურთებისათვის, რომელთაც ლამის ყოველ მატჩში გვჩუქნის პატარა ტალანტი, ჩვენგან მოსაფრთხილებელი მარგალიტი ჯანო ანანიძე.

კატეგორია: საქართველო | ნანახია: 393 | დაამატა: LiverPooLa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
ესპანეთი
იტალია
გერმანია
ინგლისი
ერთგულები
ევრო თასები
საქართველო
სხვადასხვა
ჩვენი საიტი
საფეხბურთო იუმორი
მულტიმედია
საფეხბურთო პროგნოზები
ინტერვიუები
ისტორიები
ფოტოალბომები
ჩვენი გამოკითხვა
რომელ გუნდს გულშემატკივრობთ
სულ პასუხები: 176
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 16
სტუმარი: 16
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა