ერთდროულად რამდენიმე ესპანური გამოცემა იტყობინება, რომ მადრიდის
"რეალს” ემანუელ ადებაიორის გამოსყიდვა სურს და ამ ტრანსფერში კაკას
ჩართვაც არაა გამორიცხული.
"ბლანკოსი” "ქალაქელებს”, ტოგოელი ფეხბურთელის ნაცვლად კაკას
შესთავაზებს. ახალი ამბავი აღარაა, რომ "რეალის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე
მოურინიო ემანუელის ტალანტის თაყვანისმცემელია. იანვარში მან იჯარის წესით
მოახერხა ადებაიორის გუნდში მოყვანა თუმცა პორტუგალიელ სპეციალისტს ეს არ
აკმაყოფილებს. ემა ძალიან კარგად შეეწყო "სამეფო კლუბს”. მან პრესაშიც
არაერთხელ აღნიშნა, რომ არ სურს მანჩესტერში დაბრუნება.
კაკა "რეალმა” 2009 წელს 56 მლნ ფუნტად შეიძინა "მილანისგან”. მას
შემდეგ ბრაზილიელს აწუხებდა ტრავმები, თან მოურინიო ცენტრალურ
ნახევარმცველად ათამაშებს. შესაბამისად კაკას არ ეძლევა ნიჭის გამოვლინების
საშუალება. სხვათა შორის მილანის ექს-ფორვარდის ყიდვიდან ნახევარი წლის
შემდეგ "გალაქტიკოსი” უკვე აპირებდა მის გაყიდვას, მაგრამ "როსონერიმ” 100
მლნ ევროს გადახდაზე უარი განაცხადა.
28 წლის კაკა 2007 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მისით ლონდონის "ჩელსი” და ყაზანის "რუბინიც” ინტერესდებიან.