"ბარსელონას” ერთ-ერთმა ლიდერმა ხავიმ მონაწილეობა მიიღო ესპანურ რადიო "მარკას” გადაცემაში, სადაც თავისი მოსაზრებები გამოთქვა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. საქართველოში "ბარსას” და ესპანეთის ნაკრებს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, ამიტომაც საინტერესო იქნება მათთვის 31 წლის ნახევარმცველის პასუხების მოსმენა, რომელსაც 25 იანვარს დაბადების დღე ჰქონდა. უპირველეს ყოვლისა ფეხბურთელი კატალუნიური გუნდის მთავარი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას თემას შეეხო, რომლის გარშემოც ბოლო პერიოდში გარკვეული ჭორები აგორდა. "ეჭვი არ მეპარება, რომ გვარდიოლა დარჩება. ვერ წარმომიდგენია "ბარსა” მის გარეშე, რადგანაც ის უმნიშვნელოვანესი დეტალია გუნდურ მექანიზმში. ეს საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა მისთვისაც და ჩვენთვისაც.” მოთამაშის ინფორმაციით მას ქუჩაში "რეალი” ფანებიც კი აჩერებენ, რათა თავიანთი აღფრთოვანება გამოხატონ: "ბარსელონას” ფეხბურთი სიამოვნებას ანიჭებს ყველა გულშემატკივარს. ექვსი წლის უკან ეჩვენებოდათ, რომ ისეთი მოთამაშეები, როგორებიც მე და ინიესტა ვართ, ეს გადაშენებადი სახეობაა. დღეს კი მსოფლიო ფეხბურთის წამყვან ძალას წარმოვადგენთ და ეს საამაყოა.” ხავიმ უარი არ თქვა ესაუბრა მთავარ მეტოქეზე: "რეალი” ყოველთვის დიდ სიძნელეებს გვიქმნიდა ჩვენ. იქ დიდი ფეხბურთელები არიან და დიდი მწვრთნელი მუშაობს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გასულ წელს ისტორიაში საუკეთესო ჩემპიონატი ჩავატარეთ და ასეთ სიტუაციაშიც კი ჩემპიონი ბოლო მომენტამდე არ იყო ცნობილი. მოურინიოს შესანიშნავად ესმის ფეხბურთი, ის თავისი ნატურით გამმარჯვებელია და იცის რასაც აკეთებს. ის მეტოქეების მოტივირებასაც კი ახერხებს. თამაშისათვის ძალიან კარგია, რომ არსებობენ ასეთი ადამიანები, როგორც ის არის – ჟოზე არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. ნახევარმცველმა უკანსაკნელი კლასიკოც გაიხსენა, რომელსაც თავისი კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო მომენტად თვლის: "ეს ფანტასტიური იყო და სიზმარს ჰგავდა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ 5 გოლის გატანა შევძელით, არამედ ვგრძნობდით სრულ უპირატესობას მეტოქეზე.” გვერდი ვერ აუარა ცოტა ხნის უკან გამართულ "ოქროს ბურთის” დაჯილდოებას: "ეს "ბარსელონას” დღესასწაული იყო. ჩვენი სამეულიდან (ხავი, ინიესტა, მესი) ბოლომდე არვინ იცოდა, თუ ვის დაასახელებდნენ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელად. როდესაც ჯილდო ლეოს (მესი) გადასცეს, მე მქონდა შეგრძნება, რომ სამართლიანიბამ იზეიმა. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში წააგო, ის საუკეთესოა და ამას ყოველ მატჩში ამტკიცებს. ვერაფერ საშიშს ვერ ვხედავ იმაში, რომ ტიტული მე არ მომცეს. ფეხბურთი – სპორტის გუნდური სახეობაა და ინდივიდუალური პრემიები აქ ყოველთვის ობიქტურად არ გაიცემა. მაგალითად რაულს, კასილიასს და პუიოლსაც არა აქვთ "ოქროს ბურთი”, არა და ისინი ამას იმსახურებენ.” სამხრეთ აფრიკის მსოფლიო თასიდან ხავის სასიამოვნო მოგონებები დარჩა: "ფეხბურთელისათვის მსოფლიო ჩემპიონატზე მნიშვნელოვანი არაფერია – ამას ვაღიარებ. ესპანეთის ნაკრებში თამაში დიდი პატივია. ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავდა და ძალიან მაგრადაც ვითამაშეთ იმ ტურნირზე. რაღა თქმა უნდა მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზეც მინდა ვითამაშო ბრაზილიაში 2014 წელს, მაგრამ მაშინ უკვე 34 წლის ვიქნები…” "ბარსასა” ერთ-ერთმა სიმბოლომ აღიარა, რომ რამდენჯერმე ახლოს იყო გადაწყვეტილებასთან დაეტოვებინა კლუბი: "მე სერიოზულად ვფიქრობდი ამაზე წლების უკან, როდესაც ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გუნდში საქმეები კარგად არ მიმდიოდა. მაშინ ჩემს პოზიციაზე გვარდიოლა თამაშობდა, რის გამოც იშვიათად მიწევდა მოედანზე გამოსვლა. ზუსტად იმ მომენტში კარგი წინადადება მივიღე "მილანისაგან”. მომავალშიც მომდიოდა მსგავსი აზრები, მაგალითად როდესაც რაიკარდი წავიდა. როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, მქონდა საშუალება აღმოვჩენილიყავი "რეალში”, მაგრამ მაშინ უკვე ვთვლიდი ჩემს თავს "ბარსელონას” მოთამაშედ. ახლა კი ვიმედოვნებ, რომ კარიერას "ბარსელონაში” დავასრულებ. ჩემი კლუბი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, მე მთელი გულით ვარ მასთან.” წყარო:goal.ge