ისევე, როგორც "რეალი", "ბარსელონაც" სათასო ბატალიით არის დაკავებული, თუმცა კატალონიელთა ბანაკში ემანუელ ადებაიორის ტრანსფერის დონის სიახლე არ არის, მაგრამ ჩემპიონთა შორისაც გაიგებთ სიახლეებს. მაგალითად, დღეს კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების მაგიდას ერიკ აბიდალი მიუჯდება, მთავარი თემა, ბუნებრივია, კონტრაქტის გახანგრძლივებაა. სხვათა შორის, ფრანგი ძალიან ალალი ადამიანია და პირდაპირ აცხადებს, "ბარსელონასთან" კონტრაქტს მხოლოდ იმ შემთხვევაში გავაგრძელებ, თუკი მაღალ დონეზე თამაშს შევძლებო: "ბარსელონას" ნებისმიერ წინადადებას სიამოვნებით გამოვეხმაურები. ათასჯერ მითქვამს, რომ უფრო მაღალ დონეზე თამაში არასოდეს მომინდომებია, რადგან ასეთი სახის კლუბი ბუნებაში არ არსებობს. თუკი კლუბსაც იგივე სურს, რაც მე, ჩვენ წამებში მივაღწევთ შეთანხმებას. კონტრაქტს 1-2 წლით გავახანგრძლივებ, მაგრამ თუკი სხეული კარგად თამაშის საშუალებას არ მომცემს, ვერავის მოვატყუებ, ყველას ხელს ჩამოვართმევ და დავემშვიდობები. წავალ გოლფს ვითამაშებ, ოჯახს მივხედავ, პატარებს დავეხმარები ფეხბურთელებად გაზრდაში. მსურს, რაც შეიძლება დიდ ხანს ვიყო "ბარსელონაში", კლუბში, რომელსაც დიდი მწვრთნელი ჰყავს. იმედია, პეპ გვარდიოლა "ბარსელონაში" 70 წლის ასაკამდე დარჩება". არადა, თუ გახსოვთ, თავიდან ერიკ აბიდალს გვარდიოლასთან უთანხმოებაც ჰქონდა და ის გუნდიდან გაშვებასაც ითხოვდა. ვფიქრობთ, აბიდალი 2015 წლამდე გააგრძელებს კონტრაქტს "ბლაუგრანასთან".
"ბარსა" ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში საჩივრით შედის... ლეო მესის გამო. ახლა რაშია საქმე: "რასინგთან" მატჩში ლეო მესიმ გოლი მეტად ემოციურად გამოხატა და ის დედას უძღვნა (რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა). არგენტინელმა კი ყვითელი ბარათი და სადისციპლინო კომიტეტისგან 2-ათას ევროიანი ჯარიმა მიიღო. მესიმ კანტაბარიელთა კარში პენალტი გაიტანა და მაისურა წამოიხადა, შიდა მაისურაზე ეწერა: "ფელის კუმპლე მამი" (დაბადების დღეს გილოცავ, დედა). სადისციპლინო კომიტეტში მესის ამ საქციელში უხეში დარღვევა დაინახეს. "ბარსელონა" ჩივის და ამტკიცებს, რომ მესის მოწოდებაში არ იყო არაფერი შეურაცხმყოფელი. პირიქით, მაისურაზე დაწერილი ტექსტი პოზიტიური სოციალური მესიჯისგან შედგებოდა. კატალონიელები დარწმუნებულნი არიან, რომ მესისაც მოუხსნიან ჯარიმას, ისევე როგორც ასეთი სახის ჯარიმა მოუხსნეს "ესპანიოლის" შემტევ ხოსე კალეხონს, რომელმაც გოლი დანი ხარკეს ხსოვნას მიუძღვნა სექტემბერში.
"ბარსელონას" დანი ალვეში დაუბრუნდა, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებდა, თუმცა ბრაზილიელის მომავალი კლუბში ბურუსითაა მოცული. ასევე ივარჯიშა ბოიან კრკიჩმა, რომელიც, მეკარე პინტოსთან ერთად, მოწამლული იყო. ჯერ კიდევ შორია კარლეს პუიოლისა და ჟეფრენ სუარესის გამოჯანმრთელებამდე.