არა და არ დაადგა საშველი ლევან ყენიას გამოჯანმრთელებას. დღეები, კვირები, თვეები გადის და 20 წლის ქართველი მაინც ვერ თამაშობს. გელზენკირხენის "შალკე”, ნაახალწლევს, ბელეკის შეკრებიდან გერმანიაში დაბრუნდა, მაგრამ ლევანს გერმანიაში საერთოდ არ უვარჯიშია... ისევ ექიმებთან დადის, ხოლო ექიმები ზუსტად ვერ ეუბნებიან, როდის ეშველება მის კოჭს. "თურქულ შეკრებაზე, თავიდან კარგად მიდიოდა ყველაფერი, მაგრამ ერთ მომენტში, კოჭი ისევ ამტკივდა. მართალია, მომდევნო დღეებში ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი, მაგრამ ახლა ვერ ვახერხებ. ექიმები იკვლევენ ჩემი კოჭის მდგომარეობას. ჯერჯერობით, ვერ მეუბნებიან, როდის შევძლებ თამაშს. სანამ ვარჯიშს არ დავიწყებ, თამაშზე როგორ ვილაპარაკო” – უთხრა ლევანმა "მსოფლიო სპორტს”. ახლა ასეთი მდგომარეობაა – ყენიას კოჭი ძალიან არ სტკივა, ეგაა, დატვირთვებს ვერ უძლებს. "ვცდილობ, გული არ გავიტეხო. ძალიან გავწამდი, მაგრამ იმედი მაქვს, ეს ყველაფერი დამთავრდება”. ამრიგად, თითქმის გამორიცხულია, რომ ლევანმა 9 თებერვალს, კვიპროსზე საქართველო-სომხეთის მატჩში ითამაშოს, მანამდე ხომ სულ სამი კვირაა დარჩენილი...