გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში, ლევან ყენიამ კოჭზე ოპერაცია გაიკეთა. ეს ლევანის მესამე ოპერაციაა ბოლო 15 თვის განმავლობაში – 2009 წლის ნოემბრის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და გელზენკირხენის "შალკეს” ნახევარმცველს ერთხელაც არ უთამაშია, მხოლოდ წლეულს, იანვარში დაიწყო სრული დატვირთვით ვარჯიში, მაგრამ რამდენიმე დღეში ისევ ასტკივდა. ყენიას კოჭი დატვირთვებს ვერ უძლებდა. დღევანდელმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ლევანი დაახლოებით ხუთ თვეში დაიწყებს ვარჯიშს. ასე თქვეს ექიმებმა. აქამდე გაკეთებულმა ოპერაციებმა შედეგი ვერ მოიტანა, ახლა კი ექიმს ლევანი დაურწმუნებია, რომ კვლავაც შეძლებს თამაშს – ოღონდ, დროა საჭირო. 20 წლის ნახევარმცველსაც მკურნალობისა და მოთმინების მეტი არაფერი დარჩენია.