შეამჩნევდით ალბათ - ლიონელ მესი, მიუხედავად ვარსკლავური სტატუსისა, მოკრძალებული ბიჭია. მართლაც, ფეხებზე ეპილაციას არ იკეთებს, მინი-შორტს არ იცვამს და არც ნაირ-ნაირი აქსესუარებით იტვირთავს თავს. საზოგადოებაშიც ის მეტწილად უბრალოდ ჩაცმული - სპორტული მაისურით, ჯინსით, კედებითა და ჟაკეტით ჩნდება. ლეო ყმაწვილობიდან "ბარსელონაში" იზრდებოდა. სად ეცალა არგენტინელ ვარსკლავს მოდურად ჩაცმა-დახურვისთვის? ბურთი, ბურთი და ბურთი -დილიდან საღამომდე. ჯეელი მესის ზოგიერთ ფოტოზე ისეთი მაისური აცვია, მასში 5 დოლარზე მეტის გადახდა რომ დაგენანება. მაგრამ გავიდა დრო - მესი მსოფლიომ გაიცნო და არგენტინელი ფეხბურთელი ბიჭის სადა და უშფოთველ ცხოვრებაში უმალ გარდატეხა მოხდა. ლეო მოდის ვეშაპების, დოლჩესა და გაბანას ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. შესაბამისად, კონტაქტი ფეხბურთელს მოედანს გარეთ, ყველგან და ყოველთვის, D&G-მარკით გამოშვებული სამოსის ტარებას ავალდებულებს. და მაინც, მესი დღესაც ისევ ის ბიჭია, "ბარსელონას" საფეხბურთო სკოლაში რომ დაიარებოდა - აჩაჩულ-დაჩაჩული, კვლავინდებურად ჩაცმის სპორტული სტილის მოტრფიალე, შარვალ-კოსტიუმში კი - მნახველზე ღიმილისმომგვრელი, უგულოდ დაყენებული ვარცხნილობითა და ამავდროულად ყოველთვის მხიარული, ბავშვური გულუბრყვილო გამოხედვით. ასეთია ლიონელ მესი.