ბოლო წლებია, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ქართველი ფეხბურთელების სატრანსფერო მაქსიმუმად მეზობელი ქვეყნები - რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი და სხვ. იქცა. აქტიურად ვითვისებთ შუააზიურ ბაზარსაც, ამიერიდან კი საქართველოს იაპონიის ჩემპიონატშიც ეყოლება წარმომადგენელი. გასულ კვირას საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დავით მუჯირმა იაპონიის ჯეილიგის კლუბ "სანფრეჩე ჰიროსიმასთან" შეთანხმებას მიაღწია და თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, უახლოეს თვეებს სწორედ ამომავალი მზის ქვეყანაში გაატარებს. 32 წლის "მუმუს" კარიერის განმავლობაში უამრავი კლუბი გამოუცვლია, ბოლოს კი მშობლიურ თბილისის "დინამოში" თამაშობდა და მისივე თქმით, კარიერის დასრულებასაც აქ ფიქრობდა, თუმცა... როგორც ჩანს, მუჯირი კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში არ აპირებს ფეხბურთიდან წასვლას და შესაბამისად, "დინამოში" დაბრუნებას.