ორი დღის წინ მცხეთის სტადიონის სარეკონსტრუქციო სამუშაოებისა და "ვიტ ჯორჯიას" გეგმების შესახებ გიამბეთ. ახლა კიდევ ერთ საინტერესო ინფორმაციას გაგაცნობთ, რომელიც ამ თემის გაგრძელებადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ.
"ვიტ ჯორჯია" მუდმივად თანამშრომლობდა და ახლაც თანამშრომლობს სხვადასხვა საფეხბურთო სკოლასთან, საკუთარი აკადემია კი არასდროს ჰქონია. კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ამ საქმეს ხელი მოჰკიდოს.
მცხეთის სტადიონის სარემონტო სამუშაოების პარალელურად, "ვიტ ჯორჯიამ" იქ საკუთარი ტერიტორია გაიფართოვა და დამატებით 2 ჰექტარი მიწა შეიძინა, სადაც ახალი მოედნების მოწყობას გეგმავს. სწორედ იქ დაბინავდება "ვიტ ჯორჯიას" საფეხბურთო სკოლა, რომლის ჩამოყალიბებაც ზაფხულისთვისაა ნავარაუდევი.
აკადემია საწყის ეტაპზე მცირე მასშტაბისა იქნება და მხოლოდ ერთი ასაკობრივი გუნდი ეყოლება, მერე და მერე კი, ალბათ, გაფართოვდება კიდეც.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბავშვები სრულიად უსასყიდლოდ იმეცადინებენ და არც სხვადასხვა საფეხბურთო ამუნიციისთვის საჭირო თანხას გადაიხდიან. მათთვის თბილისიდან მცხეთაში და უკან მგზავრობაც უფასო იქნება. სამაგიეროდ, აკადემიაში არა ყველა მსურველს, არამედ მხოლოდ ნიჭიერებსა და პერსპექტიულებს მიიღებენ. საფეხბურთო ნიჭი, ცხადია, მცხეთელ მოზარდებსაც არავისზე ნაკლები აქვთ, ასე რომ, მათ ქალაქში ასეთი მიმზიდველი სკოლის გახსნა აუცილებლად მისცემს ბიძგს ადგილობრივი საფეხბურთო ცხოვრების გამოცოცხლებასაც.
ბუნებრივია, ამგვარი პოლიტიკით "ვიტ ჯორჯიას" მესვეურები მომავალზე აკეთებენ გათვლას. კლუბი ყოველთვის ნიჭიერი ახალგაზრდების აღზრდასა და მათ შემდგომ ტრანსფერებზე იყო ორიენტირებული, საკუთარმა საფეხბურთო სკოლამ კი "ვიტ ჯორჯიას" ეს კარგად აპრობირებული სისტემა, წესით, კიდევ უფრო პროდუქტიული და მომგებიანი უნდა გახადოს.