ქართველი ოლიმპიელის, ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვიდან დღეს ერთი წელი შესრულდა. ქართველი მოციგავე, რომელიც 2010 წლის ვანკუვერის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა, უისტლერის საციგაო ტრასაზე სავარჯიშო დაშვებისას დაიღუპა. მისი ციგა ტრასიდან ამოვარდა და რკინის ჯებირებს შეეჯახა. კანადაში ჩატარებული გამოძიების ანგარიშის თანახმად, ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვაში მნიშვნელოვანი როლი "გამოცდილების ნაკლებობამ" ითამაშა. კანადის პროვინციის - ბრიტანეთის კოლუმბიის საგამოძიებო სამსახურის ანგარიშის მიხედვით, რომელიც ტრაგიკული შემთხვევიდან 235 დღის შემდეგ გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ ქუმარიტაშვილის გარდაცვალება უბედური შემთხვევის შედეგი იყო. ანგარიშის ავტორები თვლიან, რომ ფატალური შემთხვევის შემდგომი გამოძიება საჭირო არ არის, თუმცა, რეკომენდაციის სახით მიუთითებენ საციგაო ტრასის "სრულყოფილი უსაფრთხოების აუდიტის" საჭიროებაზე. ქართველი მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის გამო კანადაში ჩატარებული გამოძიების დასკვნას თბილისში არ დაეთანხმნენ. ანგარიშში, რომელსაც ხელს გამომძიებელი ტომ პავლოვსკი აწერდა, ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის ძირითად მიზეზად დასახელებული იყო სპორტსმენის შედარებით გამოუცდელობა, ტრაგედია კი, უბედურ შემთხვევად იყო შეფასებული. საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ლადო ვარძელაშვილმა განაცხადა, რომ დასკვნა შეურაცხმყოფელია, რადგან ნოდარ ქუმარიტაშვილი საკმაოდ გამოცდილი სპორტსმენი იყო და შესაბამისი ლიცენზია ჰქონდა. თბილისში მისი დაღუპვის მთავარ მიზეზად საციგაო ტრასის გაუმართაობა დაასახელეს. ახლახან კი ერთ-ერთი კანადური ტელევიზიის, CBC-ის ეთერში სიუჟეტი გავიდა, რომელშიც ქართველი ოლიმპიელის, ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვისა და ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების შესახებ იყო მოთხრობილი. ადგილობრივ ჟურნალისტებს ხელში ჩაუვარდათ სკანდალური მიმოწერა ვანკუვერის ოლიმპიური კომიტეტის და საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს შორის, სადაც დაფიქსირებული იყო, რომ საციგაო ტრასა გაუმართავი იყო. ტელეკომპანია CBC-ის გადაცემაში აღნიშნული იყო, რომ ამის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ინსპექციამ არაერთი კრიტიკული შენიშვნა მიიღო. ოლიმპიადის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ჯონ ფურლოგი თამაშების დაწყებამდე დიდი ხნით ადრე შეშფოთებული იყო იმ სიჩქარით, რომელსაც სპორტსმენები ავითარებდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, თამაშების ორგანიზატორებმა ყველა გაფრთხილება უყურადღებოდ დატოვეს.