დღეს ფიფას ოფიციალურ საიტზე ეროვნული საფეხბურთო გუნდების მორიგი რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელიც უწინდელისგან დიდად არ განსხვავდება, თუმცა, ჩვენდა გასახარად, საქართველოს ნაკრებს კვლავ წინსვლა აქვს და ამჯერად 72-ე პოზიციას პოლონეთთან ერთად იკავებს.
რჩეულთა ათეულში ცვლილება მხოლოდ ევრო 2012-ის შესარჩევ ჯგუფში ჩვენმა მეტოქემ, ხორვატიის ეროვნულმა გუნდმა განიცადა, რომელმაც ეგვიპტის ნაკრებს ადგილი შეუცვალა და მეათე პოზიციიდან მეცხრეზე გადაინაცვლა.
"ფიფა კოკა-კოლას" რეიტინგს კვლავინდებურად მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთი ლიდერობს, მას კუდში მუნდიალის ფინალისტი ჰოლანდია და გერმანია მოჰყვებიან.
როგორც ფიფას ოფიციალური საიტი იუწყება, რეიტინგის ზემო ნაწილში უცვლელი ვითარება იმითაა განპირობებული, რომ ბოლო თვეში წამყვან გუნდებს მატჩები არ ჩაუტარებიათ.
"ფიფა კოკა-კოლას" მორიგი რეიტინგი 2 თებერვალს გამოქვეყნდება.