ვერაფერი კარგი სიახლე ლევან ყენიაზე... გელზენკირხენის "შალკეს” 20 წლის ქართველი ნახევარმცველის გამოჯანმრთელებას საშველი არ დაადგა - კიდევ ერთი ოპერაცია სჭირდება კოჭზე. უკვე 15 თვეზე მეტია, რაც ლევანს საერთოდ არ უთამაშია და სამწუხაროდ, კიდევ კარგა ხანს მოუწევს უქმობა. "ახლა სხვა ექიმთან მომიწევს მკურნალობა, რომელმაც მითხრა - პასუხისმგებელი ვარ, თამაშს შეძლებო. ამ კვირაში ოპერაცია უნდა გავიკეთო ფრანკფურტში” – უთხრა ყენიამ "მსოფლიო სპორტს”. შეხსენებისთვის, ლევანმა 2009 წლის ნოემბერში გაიკეთა კოჭზე ოპერაცია, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო, რის შემდეგაც, კიდევ დასჭირდა ქირურგიული ჩარევები და შარშან გუნდთან ერთად ხეირიანად არც უვარჯიშია. იმედი წლეულს, ახალი წლის პირველ დღეებში გაჩნდა, "შალკე” თურქულ ბელეკში იყო შეკრებაზე და ლევანიც სრული დატვირთვით ვარჯიშობდა. თითქოს ფორმაშიც შედიოდა, მაგრამ ვარჯიშზე კოჭმა ისევ უმტყუნა. ყენიას 10 იანვრის შემდეგ აღარ უვარჯიშია. "თავს ძლივს ვერევი, მაგრამ უნდა მოვითმინო. ოპერაციას მალე გამიკეთებენ და როგორც ექიმმა მითხრა, დაახლოებით ხუთ თვეში შემეძლება ვარჯიშის დაწყება. მხოლოდ მსუბუქ ვარჯიშზეა ლაპარაკი. უფრო ზუსტად ოპერაციის შემდეგ მეტყვიან. ასე რომ, რთულ მდგომარეობაში ვარ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს”. ლევანი და საქართველოს ეროვნული ნაკრები – ეს საკითხი დროებით გვერდზე გადასადებია. მთავარი სხვა რამ არის – ყენია ჯერ საყვარელ საქმეს უნდა დაუბრუნდეს...