ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა ხორხე მენდესმა საკუთარ კლიენტ კრისტიანო რონალდოს მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა. გამოცემა Expresso-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში მენდესმა პორტუგალიელი ფეხბურთელის მთელი კარიერა მიმოიხილა და რონალდოს მომავალზეც ისაუბრა. აგენტს არც კიდევ ერთი თავისი კლიენტი, ჟოზე მაურინიო გამორჩენია და ისიც უამრავი დადებითი ეპიტეთით დაახასიათა, რონალდოს საუკეთესოობის თემასაც სწორედ "განსაკუთრებულზე” საუბრისას შეეხო. "მესი ცხადია ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ რონალდო უფრო მეტია. თანამედროვე ფეხბურთში, როცა თამაში ძალიან გართულდა, როცა ფიზიკურ და ტექნიკურ მომზადებას ერთნაირად დიდი მნიშვნელობა აქვს, მსგავსი შედეგების მიღწევა უბრალოდ წარმოუდგენელია. გაიტანო 42 გოლი სეზონში და თან ეს პრემიერლიგურ გუნდთან ერთად გააკეთო, ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოში საუკეთესო ხარ. თუმცა ეს ჯერ კიდევ არაფერია, რონალდოს შესაძლებლობები ამოუწურავია და ახლა, როცა ის მაურინიოს გუნდშია, ამას ყველა დაინახავს. ინგლისში თამაში ბევრად უფრო რთულია, ვიდრე პრიმერაში, ამიტომ დიდი შანსია ესპანეთში რონალდომ ყველანაირი რეკორდი დაამხოს, მითუმეტეს, რომ ამის წინაპირობა უკვე არსებობს”. "ჩემი აზრით, რონალდოს, რომელიც ერთნაირად ძლიერად თამაშობს ორივე ფეხით, თავით, ძალიან ძლიერია ტექნიკურად და ფიზიკურად, თამამად შეგვიძლია მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ვუწოდოთ, ერთადერთი რაც მას ამ წოდების საყოველთაოდ აღიარებისთვის აკლია, სანაკრებო ტიტულებია, რომლებსაც ალბათ აუცილებლად მოიგებს”, – ამბობს მენდესი.