ორი ''კლასიკო'' ოთხ დღეში? - 30 იანვარს 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » იანვარი » 30 » ორი ''კლასიკო'' ოთხ დღეში?
11:52
ორი ''კლასიკო'' ოთხ დღეში?


"სამეფო თასზე" პირველი ნახევარფინალური მატჩები გაიმართა, ბევრი რამ თითქმის გაირკვა, მათ შორის, მთავარი - დიდი შანსია, ამ სეზონში ორის ნაცვლად სამი "ელ კლასიკო" ვიხილოთ, მესამეს "ბონუსის" სახით, კოპას ფინალად ვნახავთ, თუკი "რეალი" "სანჩეს პისხუანზე" მოპოვებულ ერთგოლიან უპირატესობას შეინარჩუნებს, ხოლო "ბარსელონა" არ გაანიავებს "ალმერიასთან" 5-გოლიან უპირატესობას. ბოლო წინადადება, ალბათ, შაყირივით გამოგვივიდა, მაგრამ არც "რეალი" ჩანს იმ გუნდად, სტუმრად მოგებული გაანიავოს. მაშ რაღა უდგას წინ სეზონის მესამე ''კლასიკოს"? თითქმის არაფერი...

ლა ლიგაში მეორე "კლასიკო" 16 ან 17 აპრილს უწევს, ეს თამაში "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება (პირველი, მოგეხსენებათ, "კამპ ნოუზე" "რეალის" განადგურებით დასრულდა), სათასო ფინალი კი 20 აპრილს არის ნავარაუდევი. და რა გამოდის? 3-4 დღეში ორი "კლასიკო"? რატომაც არა! მაგრამ, მაინც არა გვგონია, რომ ესპანური ფეხბურთის მამებმა კალენდარი ასე დატოვონ.

სათასო ბატალიებზე წერას კი "სანჩეს პისხუანზე" გამართული მატჩით ვიწყებთ. "სევილიას" ფეხბურთელების ვიდეორგოლმა კიდევ უფრო დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ამ მატჩის წინ და სტადიონიც გადაივსო ანდალუსიელი ფანებით. ჟოზე მოურინიოს და მისი გუნდისთვის ფრიად არასასიამოვნო "ატმოსფერო" იყო. "სევილიამ" უკეთ დაიწყო, ვიდრე "სამეფო კლუბმა", თასის მფლობელმა ერთი-ორჯერ სახიფათოდ შეუტია. წესით და რიგით, ალვარო არბელოას ხესუს ნავასთან უხეშობისთვის წითელი ბარათიც ეკუთვნოდა... თუმცა გოლი "რეალმა" გაიტანა, თანაც ვინ და როგორი! ემანუელ ადებაიორი უკვე რეალელია და შემდეგი თამაშიდან (ალბათ) ქარიმ ბენზემას უშუალო კონკურენტი უფროა, ვიდრე შეტევაში პარტნიორი, ამიტომაც უნდა იჩქაროს ფრანგმა, ყოველი შანსი გამოიყენოს, სევილიაში კი იყოჩაღა - ერთდროულად ორი მცველი მოატყუა და ანდრეს პალოპის კარი დალაშქრა.

როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ბენზემას ერთადერთი და ძალზე მნიშვნელოვანი გოლი გაუტანია, რომელიც ამავდროულად მაღალი კლასისა იყო. სხვათა შორის, ლა ლიგაში სულ რაღაც 2 გოლის გამტან ქარიმს, "სამეფო თასზე" უკვე 5 დაუგროვდა. მოკლედ, კოპა "მისი" ტურნირია. "სევილიას" პირველ ტაიმშივე შეეძლო ეპასუხა გოლითვე, პრინციპში, უპასუხა კიდეც, მაგრამ მსაჯმა ლუიშ ფაბიანოს ძალზე საკამათო ეპიზოდში კარის აღება არ ჩაუთვალა - კანუტემ კარგი პასით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ფაბიანო, მანაც იოლად მოატყუა იკერ კასილიასი და ცარიელ კარში დაარტყა, კარის ბადეში გახვეულმა რაულ ალბიოლმა მოასწრო ბურთის უკან გამოგდება, თუმცა "სანჩეს პისხუანი" ლამის ჩამოიქცა რისხვისგან, ფანები, ფეხბურთელები და მწვრთნელები მიიჩნევდნენ, რომ ბურთმა გადაკვეთა კარის ხაზი. გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ბურთმა მართლაც გადაკვეთა კარის ხაზი, მაგრამ არა ბოლომდე. ამავე ტაიმში ბრაზილიელმა ფორვარდმა ერთხელ სახიფათო თავურიც შეასრულა.

ამბობენ, მეორე ტაიმს მწვრთნელები იგებენო, ფაქტია, მეორეში, იმის მაგივრად, რომ "სევილიას" შეეტია და შეეტია, "რეალი" დომინირებდა და ერთი-ორი საგოლე მომენტიც შექმნა. ერთხელ მაინც ვალდებული იყვნენ კრიშტიანო რონალდო და მესუთ იოზილი გაეტანათ, რონალდოს არ დაარტყმევინეს, გამოვარდნილ ბურთზე კი გერმანელი დაიბნა და ალექსისმა "სევილია" აშკარა გოლისგან იხსნა. რონალდოს და იოზილის დასჯა ნეგრედოს დარტყმულს შეეძლო, უფრო ზუსტი რომ ყოფილიყო.

საფინალო სასტვენის შემდეგ უსიამოვნო ინციდენტი მოხდა, იკერ კასილიასს ტრიბუნიდან ნასროლი ბოთლი თავში მოხვდა.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიო არ მივიდა, მის ნაცვლად კითხვებს გამარჯვებულთაგან აიტორ კარანკამ უპასუხა. კარანკამ თქვა, მედიის უპატივცემულობა არაფერ შუაშია, ხანდახან მწვრთნელს მისი ასისტენტებიც ეხმარებიანო:

"ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, თუმცა 1:0 3:0 არ არის, ამიტომ გადაწყვეტილი არაფერია. ჩვენ "სანტიაგო ბერნაბეუზე" ფანების და მათი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ქარიმ ბენზემას მთელი გუნდი უჭერს მხარს და დღევანდელი თამაშიდან ნათლად გამოჩნდა, რომ ქარიმმა ეს ძალიან კარგად იცის, ის გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურაა. რაც შეეხება გაუქმებულ გოლს, ამას უფრო დეტალურად გასახდელში გავარჩევთ. ზოგი ამბობს, ბურთმა გადაკვეთა ხაზიო, ზოგი - არაო. კასილიასის ინციდენტი ცალკე საკითხია, "სევილიას" ფანებს არას ვერჩით, ისინი მხარს უჭერდნენ თავიანთ გუნდს, იმ სექტორის მიმართაც უსტვენდნენ, საიდანაც სერხიო რამოსის მიმართ სტვენდნენ. ასე რომ, ერთი ორი ცუდი გულშემატკივარი ყველგანაა. იკერი თავს კარგად გრძნობს", - განაცხადა ბასკმა.

იკერ კასილიასი (რეალი): "ცუდი ინციდენტი მოხდა, ვიღაცამ წყლის ბოთლი გამარტყა. იმედია, კამერებმა დააფიქსირეს დამრღვევი და მას სათანადოდ დასჯიან, რადგან ასეთები ნამდვილ გულშემატკივრებსაც აზარალებენ. თამაშით კმაყოფილი ვარ, "სევილია" პრობლემებს გვიქმნიდა, ამის ფონზე, არ გავუშვით და აქეთ გავიტანეთ, რაც დიდებული შედეგია. ახლა უკვე "ოსასუნასთან" ლალიგის მატჩზე ვფიქრობთ."

გრეგორიო მანსანო (სევილია): "თავს დავდებ - ლუიშ ფაბიანოს დარტყმამ პირითი ხაზი გადაკვეთა. ეს იყო ნამდვილი გოლი, რომელიც მსაჯებმა შეცდომით არ ჩაგვითვალეს. ჩემმა ფეხბურთელებმა ამ თამაშში წაგება ნამდვილად არ დაიმსახურეს. მეორე მატჩის წინ მთლად უიმედოდ არ ვართ."

"ალმერიას" კვერი ცხვა, ცხვა და ვერ გამოცხვა. ამ გუნდით ევროსაგზურისთვის ბრძოლა ნამდვილი სიგიჟე იყო, მაგრამ მამაცმა ანდალუსიურმა კლუბმა საყოველთაო სიმპათია დაიმსახურა ცდისთვის. ცდით კი სცადა, მაგრამ ხოსე ლუის ოლტრას გუნდმა "ბარსას" სერიოზული სინდრომი "აიკიდა". 0:8, ჩემპიონატში, 0:5 ახლა და კიდევ ერთი მატჩი რჩება.

ყველაფერი თავშივე გადაწყდა, "ბარსელონა" თითქმის ორივე ფეხით ფინალშია - როცა ლეო მესიმ მე-9 წუთზე გახსნა ანგარიში, არგენტინელს ერთი შესაშური საგოლე შანსი უკვე განიავებული ჰქონდა, ორ წუთში ჩავის პასით დავიდ ვილიამ გაიტანა. კიდევ ხუთ წუთში კი მესიმ დუბლი შეასრულა და "სამეფო თასის" ბომბარდირთა სიას 7 გოლით ჩაუდგა სათავეში, მას შემდეგ, რაც კრიშტიანო რონალდოსა და გონსალო იგუაინს გადაუსწრო. მესის ეს გოლი "ბარსასთვის" მე-100 იყო სეზონში. პირველ ტაიმში პედრომ ერთიც გაიტანა და თამაშს აზრი მთლიანად დაუკარგა.

მეორე ტაიმში "ბარსელონამ" აშკარად დაინდო მეტოქე, რომელმაც, მისდა საუბედუროდ, გახსნილი, შემტევი თამაში ითამაშა, და გოლები უმთავრესად კონტრშეტევებით მიიღო. რას იზამ, ასეთია "ალმერია". მეორეში შეცვლაზე შესულმა სეიდუ კეიტამ მესის სუპერპასი შეიშნო და ანგარიშს წერტილი დაუსვა - 5:0.

ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა): "დიდებული შედეგია, თუმცა "ბეტისთან" დაპირისპირებამ გვიჩვენა, რომ მოშვება არ შეიძლება, საპასუხო მატჩიც მნიშვნელოვანია. პატივს ვცემ მეტოქეს, ამიტომ ჯერ არ ვიტყვი, რომ ფინალში ვართ."

ხოსე ლუის ოლტრა (ალმერია): "გუნდმა არ დაიჯერა, რომ შეეძლო. შეწუხებული ვარ, რადგან, ვფიქრობ, რომ ბიჭებმა არც კი სცადეს. არ მეგონა, რომ ასე ცუდად წავაგებდით. ხუთი კი არა, მეტი გოლით რატომ არ წავაგეთ, მიკვირს."


სევილია-რეალი 0:1
''სევილია'' (4-4-2): პალოპი - ესკუდე, ალექსისი, ს. სანჩესი (16. კასერესი), ფ. ნავარო - ხ. ნავასი, ზოკორა, რომარიკი (52. რენატო), პეროტი - კანუტე, ლ. ფაბიანო (75. ნეგრედო).
''რეალი'' (4-3-2-1): კასილიასი - რ. კარვალიო, ს. რამოსი, ალბიოლი, არბელოა - ხედირა, ლ. დიარა (56. მარსელო), ჩ. ალონსო - იოზილი (85. გრანერო), რონალდო - ბენზემა (68. დი მარია).
გოლი: 0:1 ბენზემა (17)
გაფრთხილება: ლ. ფაბიანო, ზოკორა, ალექსისი, ფ. ნავარო - ლ. დიარა, არბელოა, ხედირა, რონალდო, ს. რამოსი

ბარსელონა-ალმერია 5:0
''ბარსელონა'' (4-3-3): პინტო - ადრიანო, პიკე, აბიდალი, მაქსველი (82. გ. მილიტო) - ჩავი (74. კეიტა), მასკერანო, ინიესტა - პედრო, მესი, ვილია (65. აფელაი).
''ალმერია'' (4-5-1): ესტებანი - მასედო, კ. გარსია, პელერანო, ლუნა - კორონა (61. უჩე), მ'ბამი, ვარგასი, კრუსატი, პიატი (84. ხოსე ორტისი) - გოიტომი (75. ულოა).
გოლები: 1:0 მესი (9), 2:0 ვილია (11), 3:0 მესი (16), 4:0 პედრო (31), 5:0 კეიტა (89)
გაფრთხილება: ვარგასი
საპასუხო მატჩები 2 თებერვალს გაიმართება
კატეგორია: ესპანეთი | ნანახია: 390 | დაამატა: LiverPooLa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 ResPecTaA   (30.01.2011 11:58) [Entry]
)) Ara mgonia isev 5-0 iyos imedia saintereso tamashi iqneba mara cal mxirvad :D:D Mainc igebs barca da tu gind momkalit :D

რომელ გუნდს გულშემატკივრობთ
სულ პასუხები: 176
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა